Aa
Aa

"ის დიდ პატივს გცემდათ" - ჟოზემ დასრულებული პრესკონფერენცია ჟურნალისტის განსვენებული მამის გამო განაახლა

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემი“ სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიურ „შკენდიას“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „დეზების“ თავკაცმა Zoom-ში პრესკონფერენცია გამართა და პრესის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

ჩრდილოეთ მაკედონიელ ჟურნალისტს, იგორ ალექსანდროვიჩს მოურინიოსთვის შეკითხვის დასმა სულითა და გულით უნდოდა, მაგრამ ამის გაკეთება არ გამოუვიდა... რეპორტიორს, რომლის გარდაცვლილი მამაც ჟოზეს აღმერთებდა, ხელიდან გაშვებული შანსის გამო გული ძალიან დაწყდა... თუმცა, როცა პორტუგალიელმა სპეციალისტმა შექმნილი ვითარების შესახებ გაიგო, პრესკონფერენციის ოთახში სპეციალურად ალექსანდროვიჩის გამო დაბრუნდა. მოურინიომ ჟურნალისტის ორ შეკითხვას უპასუხა და მას თხოვნის შესრულებასაც დაჰპირდა.

„გამარჯობა, უფროსო. ჩემთვის ეს უნიკალური შანსია ორი შეკითხვა დაგისვათ და თხოვნით მოგმართოთ. ბულგარეთში გამართული მატჩის შემდეგ, თქვით, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაშიც რთული შეხვედრა გელით. დაიწყეთ თუ არა გუნდის ფსიქოლოგიურად მომზადება? ეს პირველი შეკითხვა იყო. მეორე შეკითხვა კი ასეთია - გეგმავს ჟოზე მოურინიო პორტუგალიის ან რომელი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ჩაბარებას?

თხოვნას რაც შეეხება, მინდა, მამაჩემის სახელით რაღაც გთხოვოთ... ის სამოთხიდან მოკითხვას გადმოგცემთ... როცა თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, მითხრა, რომ თუ ოდესმე თქვენი ნახვის შანსი მომეცემოდა, თქვენთვის ერთობლივი ფოტოს გადაღება მეთხოვა, რადგან ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ თქვენ დაგმსგავსებოდით. ის უდიდეს პატივს გცემდათ... თუ ფოტოს გადაღების საშუალებას მომცემთ, მას ჩარჩოში ჩავსვამ და მამაჩემის განსასვენებელში დავკიდებ. თუ მატჩი ტოტენჰემისთვის კარგად დასრულდება, ფოტოს გადაღების უფლებას მომცემთ“?

მოურინიომ ჟურნალისტის კითხვას ასე უპასუხა: „ძალიან დიდი მადლობა. ფოტოს გადაღებას შეხვედრის შედეგთან კავშირი არ აქვს. ფოტო ყველა ვარიანტში იქნება. თუ მატჩამდე ჩვენთან შეხვედრას მოახერხებ, მაგალითად სასტუმროში, პრობლემა არაა. თუ მატჩის შემდეგ გინდა, იყოს მატჩის შემდეგ! ფოტოს გადაღებას შედეგთან საერთო არაფერი აქვს. ჩემთვის შენთან ფოტოს გადაღება ძალიან სასიამოვნოა. მამათქვენს უდიდეს პატივს ვცემ, ჩემ მიმართ ასეთი დამოკიდებულება რომ ჰქონდა“.

ცნობისთვის, ჟოზემ პირობა შეასრულა, ჟურნალისტს შეხვდა და მასთან ფოტოც გადაიღო...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები