გრანადას მწვრთნელი: ''ლოკომოტივთან მატჩს მოტივირებულნი ვხვდებით''
Aa
Aa

გრანადას მწვრთნელი: ''ლოკომოტივთან მატჩს მოტივირებულნი ვხვდებით''

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წარმომადგენელი თბილისის ''ლოკომოტივი'' ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ ''გრანადას'' შეხვდება. მატჩი ''გრანადას'' საშინაო არენაზე ''ნუევო ლოს კარმენესზე'' შედგება. დიეგო მარტინესისა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდების დაპირისპირებას თურქული წარმოშობის ჰოლანდიელი მსაჯი სერდარ გოზუბუიუკი განსჯის, რომელიც ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ირლანდიისა და საქართველოს დაპირისპირებას გაუძღვა. აღნიშნულ შეხვედრაში მიკ მაკარტის გუნდმა 1:0 გაიმარჯვა.

''გრანადას'' მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარტინესმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ მცირე კომენტარი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირა გუნდისთვის საკმაოდ რთული იქნება. ''ლოკომოტივთან'' შეხვედრის შემდეგ ''გრანადა'' სტუმრად მადრიდის ''ატლეტიკოს'' შეხვდება.

დიეგო მარტინესი: ''ახლა ჩვენ ევროპა ლიგის შეხვედრაზე ვფიქრობთ. ბილბაოს ''ატლეტიკთან'', ''ტეუტასთან'' და ''ალავესთან'' მოპოვებულმა გამარჯვებებმა ჩვენი თავდაჯერება გაზარდა. ასეთი დონის შეხვედრას საკუთარ კედლებში პირველად ვმართავთ, ჩემი ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან. ''გრანადას'' ქომაგები შეხვედრას მოუთმენლად ელიან, რადგან ძალიან ამაღელვებელი თამაში გველის''.

როგორც ''გრანადასთვის'', ასევე ''ლოკომოტივისთვის'' მოახლოებული მატჩი ისტორიულია, რადგან ''გრანადა'' პირველ ევროსეზონს ატარებს, ხოლო ''ლოკომოტივი'' ასე შორს ევროტურნირზე არასდროს გასულა.

შეგახსენებთ, ''გრანადასა'' და ''ლოკომოტივის'' დაპირისპირება 24 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები