ლამპარდმა დაადასტურა - მენდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის
Aa
Aa

ლამპარდმა დაადასტურა - მენდი სამედიცინო შემოწმებას გაივლის

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონის "ჩელსიმ" ძალიან იაქტიურა და გუნდში არაერთი ვარსკვლავი მოიყვანა. საქმე ამჯერად "რენის" გოლკიპერს, ედუარდ მენდის ეხება.

"არისტოკრატების" ოფიციალურმა საიტმა ფრენკ ლამპარდის ინტერვიუ გააჟღერა, სადაც ინგლისელი სენეგალელ მეკარეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის საფრანგეთში სამედიცინო შემოწმებას და კორონავირუსის ტესტს გაივლის. თუ ყველაფერი იდეალურად იქნება, მაშინ ედუარდი "ჩელსის" ოთხშაბათს შეუერთდება და ვარჯიშს დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ რეკომენდაცია მენდის კლუბის ლეგენდარულმა მეკარემ პიოტრ ჩეხმა გაუწია. ამან კი ლამპარდზე დიდი გავლენა იქონია. ინგლისელი სპეციალისტის აზრით გუნდში მეკარის პოზიცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. 

სხვადასხვა ინტერვიუებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ ფრენკს კეპა არისაბალაგა გულზე დიდად არ ეხატება და მისი თამაშით უკმაყოფილოა. "ჩელსის" მეორე მეკარე ვილი კაბალერო კი უკვე ასაკშია და ის ძირითადი შემადგენლობის წევრად არასდროს მოიაზრებოდა.

საგულისხმოა ისიც, რომ "ლურჯებს" შემდეგ თამაშში ბენ ჩილველი და ტიაგო სილვა შეუერთდებიან. უკანასკნელ შეხვედრაში ლამპარდის ბიჭები "მერსისაიდელებთან" 0:2 დამარცხდნენ და პრობლემატური სწორედ დაცვის ხაზი გახლდათ. 

მომდევნო შეხვედრას "ჩელსი" 26 სექტემბერს, სტუმრად "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები