12-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - ორგზის ჩემპიონი ბასილაშვილი ჰამბურგში დამარცხდა
Aa
Aa

12-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - ორგზის ჩემპიონი ბასილაშვილი ჰამბურგში დამარცხდა

ჰამბურგის 500-იანი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლევანდელ გათამაშებას პირველსავე რაუნდში გამოეთიშა. ქართველი რობერტო ბაუტისტა-აგუტთან დამარცხდა.

ნიკას შანსები ორივე სეტში ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ესპანელი უკეთესი იყო, რის შედეგადაც თამაში სათავისოდ დაასრულა - 6:4; 6:3.

ბაუტისტა-აგუტი შემდეგ წრეში გავიდა, ბასილაშვილისთვის კი ამ ტურნირზე 12-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა. როგორც ვიცით, ნიკა ჰამბურგის ტურნირის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულია და ახალი ჩემპიონის გამოცხადებამდე, ჯერაც მოქმედი ჩემპიონის სტატუსით სარგებლობს.

სამწუხაროდ, ქართველი ჩოგბურთელი ბოლო თვეებში ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებს და პირველ წრეში გამოსვლა უკვე ზედიზედ მეხუთე ტურნირზე დაასრულა. მთლიანობაში, ნიკამ 2020 წელს, ATP-ის ტურნირების ეგიდით 13 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 3 მათგანი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები