„მადლობა ევროსეზონისთვის“ - მოსკოვის დინამოს ქომაგების სარკასტული ბანერი
Aa
Aa

„მადლობა ევროსეზონისთვის“ - მოსკოვის დინამოს ქომაგების სარკასტული ბანერი

მოსკოვის „დინამოს“ გულშემატკივრებმა თავიანთ საყვარელ გუნდს გასულ კვირას, თბილისის „ლოკომოტივთან“ განცდილი მარცხი არ აპატიეს. რუსული კლუბის ქომაგებმა „ახმატთან“ შეხვედრისას, რომელიც „დინამომ“ 1-0 მოიგო, ტრიბუნებზე ბანერი გამოფინეს წარწერით - „მადლობა ევროსეზონისთვის“.

იქვე იყო ორი ბანერი სიტყვებით - „მოლოდინი და რეალობა“. მარცხენა მხარეს, სიტყვა მოლოდინის ქვეშ საერთაშორისო პასპორტი და ავიაბილეთი გახლდათ გამოსახული, მარჯვნივ, სიტყვა რეალობის ქვეშ კი საქალაქო ტრანსპორტში გამოსაყენებელი ერთჯერადი ბილეთი.

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივმა“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსული გუნდი 2-1 დაამარცხა. „რკინიგზელთა“ მხრიდან თავი ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა გამოიჩინეს. მოსკოველთა რიგებში კი ერთადერთი გოლის ავტორი კომლიჩენკო გახდა, რომელმაც 90-ე წუთზე გაიტანა.

„დინამოსა“ და „ახმატის“ შეხვედრას რაც შეეხება, მატჩი მოსკოველთა გამარჯვებით დასრულდა. „დინამომ“ ანგარიში 91-ე წუთზე გახსნა და ივან ორდეცის გოლით იმარჯვა.

როგორც ვიცით, თბილისის "ლოკომოტივი" ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანურ "გრანადას" შეხვდება. თამაში 24 სექტემბერს, გრანადაში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები