ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "ბეილთან პრობლემები არასდროს მქონია"

ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის „ტოტენჰემში“ გადასვლის შემდეგ პრესასთან პირველად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან პირადი პრობლემები არასდროს ჰქონია.

„ბეილის წასვლაში ხალხი მე მადანაშაულებს, მაგრამ ამის გამო გაღიზიანებული არ ვარ, რადგან ეს ასე არ არის. სინამდვილეში ჩვენ შორის არანაირი პრობლემა არ ყოფილა.

არავინ აპირებს, რომ ბეილს კლუბის წინაშე არსებული დამსახურებები დაუკარგოს. მას წარმატებებს ვუსურვებ. რასაც გარეტმა მიაღწია ეს ფენომენალური გახლავთ.

ბეილმა ბევრი ტიტული მოიგო და უმაღლესი ხარისხი აჩვენა. ამაზე კამათი შეუძლებელია.

რატომ დარჩა იგი გუნდში გასულ სეზონში? ამას თავისი მიზეზები ჰქონდა.

მნიშვნელოვანია ის, თუ რისი გაკეთება სურს მოთამაშეს. ჩვენ ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ. ბეილის ტრანსფერით ტვირთი მომეხსნა? არა, მის გამო სიმძიმეს არასდროს ვგრძნობდი. მასთან პრობლემები არასდროს მქონია.

დიახ, სხვადასხვა მიზეზთა გამო მას იმდენი სათამაშო დრო არ ჰქონდა, რამდენიც საჭირო იყო. ჩემი სამუშაო ასეთია - თუ, ბეილი არა, მაშინ მის ადგილას ვინმე სხვა იქნებოდა“.

როგორც მოგეხსენებათ, ბეილმა Sky Sports-თან ჩაწერილ ინტერვიუში „რეალის“ მისდამი დამოკიდებულება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კლუბი ყველაფერს ართულებდა:

„გასულ წელს წასვლასთან ახლოს ვიყავი. შეთანხმება მიღწეული იყო და „რეალმა“ ტრანსფერი ბოლო წამს ჩაშალა. კიდევ იყო ტრანსფერის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ კლუბმა ყველაფერზე უარი თქვა. ყველაფერი კლუბის ხელშია, თუმცა სიმართლე გითხრათ, ისინი ყველაფერს ართულებენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები