Aa
Aa

"კულიბალის დარჩენა მინდა, მაგრამ"... - გატუზო შესაძლო ტრანსფერსა და ოსიმენის დებიუტზე

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ „პარმასთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. „რინომ“ კომენტარი კალიდუ კულიბალისა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ გააკეთა.

„ეჭვი არ შემაქვს იმაში, რომ კულიბალი თავის პოზიციაზე ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია. იგი ყოველთვის სათანადო მზადყოფნაშია და ნებისმიერ მომენტში შეგიძლია დაეყრდნო.

თუკი გუნდიდან წავა, გული დამწყდება, როგორც ფეხბურთელისა და როგორც ადამიანის დაკარგვის გამო. თუმცა, კარგად იცით, ფინანსური სტაბილურობა რამდენს ნიშნავს, ჩვენს კლუბს კი ახლა ამისთვის რაღაც სჭირდება. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, ის რომ დარჩენილიყო, მაგრამ, როგორც ვთქვი, აქ ბევრი სხვა ფაქტორია.

რაც შეეხება ოსიმენს, იგი ჩვენთან ერთად 25 დღეა იმყოფება და არ უნდა დავივიწყოთ, როგორი პერიოდი გამოიარა. დიდი მსხვერპლის გაღება მოუწია და ვიტყოდი, 21 წლის ბიჭმა ისეთი ტვირთი გადაიტანა, რაც 40 წლის კაცისთვისაც რთულია.

მისი საქმისადმი მიდგომა ძალიან მომწონს და დარწმუნებული ვარ, ასევე გააგრძელებს, რის შემდეგაც ვიქტორს, მისი საუკეთესო მხრიდან დავინახავთ. რასაც ახლა ვხედავთ, ეს მისი მაქსიმუმი არაა“.

„ნაპოლის“ კულიბალის ტრანსფერზე ბოლო დროს ყველაზე აქტიურად ფრანგული პსჟ ელაპარაკება, თუმცა საქმეზე მუშაობას „მანჩესტერ სიტიც“ აგრძელებს. ოსიმენი კი ნეაპოლური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია. სამხრეთელებს ნიგერიელის დამატება 70 მილიონი ევრო დაუჯდათ, რაც ბონუსებით 80 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ნეაპოლიტანელებმა იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველი მატჩი მერტენსისა და ინსინიეს გოლებით 2:0 მოიგეს. „პარტენოპეი“ შემდეგ ტურში „ჯენოას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები