კუმანი:
Aa
Aa

კუმანი: "ეს ყველაფერი სიმართლე არ არის", - ესპანური პრესის მორიგი სიცრუე

რონალდ კუმანმა „გამპერის თასის“ მოგების შემდეგ, პრესასთან რიკი პუჩის შესახებ ისაუბრა. როგორც გაირკვა, ესპანურმა გამოცემებმა მორიგი ტყუილი შექმნეს და ქომაგები შეცდომაში შეიყვანეს.

ესპანური პრესის ცნობით, კუმანმა რიკი პუჩის აცნობა, იგი მის გეგმებში არ შედიოდა და გუნდს 21 წლის შუახაზელის გაყიდვა მოსთხოვა.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კი სულ სხვა რამ თქვა:

„ეს ყველაფერი სიმართლე არ არის. მას გუშინ ვარჯიშამდე ვესაუბრე და ვიცი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ. მას ეს ვუთხარი კიდეც.

ეს თემა შესაძლოა მალე ალენიასა და პედრისთვისაც აქტუალური გახდეს. ისეთმა მოთამაშემ როგორიც რიკია, აუცილებლად უნდა ითამაშოს, მას პრაქტიკა სჭირდება, რომლის მიღებაც აქ ძალიან გაუჭირდება, რადგან კონკურენცია დიდია.

პუჩის დიდი მომავალი აქვს და ის „ბარსელონას“ სამომავლოდ აუცილებლად გამოადგება. მისთვის საუკეთესო ვარიანტი იჯარის წესით წასვლა იქნება.

20 წლის ბიჭებმა ბევრი უნდა ითამაშონ, მათ მოცდა არ შეუძლიათ. ამ სამი კვირის მანძილზე ჩვენ ბევრს ვმსჯელობდით და მივედით იმ დასკვნამდე, რომ რიკის ძალიან დიდი კონკურენცია უწევს“.

როგორც ცნობილია, კუმანი „ბარსას“ 4-2-3-1 სქემით ათამაშებს. მოედანზე მას მხოლოდ 2 ცენტრალური ნახევარმცველი ეყოლება, რომლებსაც ფიზიკურად დიდი შრომა და დაცვითი ფუნქციების მორგება მოუწევთ. გუნდს ამ პოზიციაზე 3 გამოკვეთილი კანდიდატი ჰყავს - დე იონგი, პიანიჩი და ბუსკეცი. ასევე, განიხილება კარლეს ალენიას დარჩენაც.

რიკი პუჩი კი ფიზიკურად საკმაოდ სუსტია და დაცვითი ფუნქციების შესასრულებლად იგი არ გამოდგება. მისთვის იდეალური 4-3-3 სქემაა, რომლითაც წელს „ბარსა“ აღარ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები