საბურთალომ მწვრთნელი გაუშვა: გუნდს კორღალიძე გაწვრთნის
Aa
Aa

საბურთალომ მწვრთნელი გაუშვა: გუნდს კორღალიძე გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ ''საბურთალოს'' მთავარი მწვრთნელის პოსტი თემურ შალამბერიძემ დატოვა. მას ლევან კორღალიძე შეცვლის, რომელსაც სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში ''საბურთალოს'' ასაკობრივ გუნდში წარმატებით უმუშავია. ინფორმაციას თბილისური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

თემურ შალამბერიძე ''საბურთალოს'' მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის ზამთარში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპა ლიგაზე ითამაშა. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულმა ''აპოლონმა'' ''საბურთალო'' 5:1 გაანადგურა, რაც ცხადია უარყოფითი შედეგია.

2019 წელს ლევან კორღალიძე ''ლოკომოტივს'' წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით თბილისურმა კლუბმა საკმაოდ ხარისხიანი და ამავდროულად შედეგიანი ფეხბურთი აჩვენა. 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საწყის ორ ტურში კორღალიძის ხელმძღვანელობით ''ლოკომოტივმა'' 6 ქულა მოიპოვა, თუმცა შემდეგ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზისას გუნდში ფინანსური პრობლემები შეიქმნა, რის გამოც ახალგაზრდა სპეციალისტმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა. მას შემდეგ კორღალიძე უმუშევარი იყო.

ლევან კორღალიძემ საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები რიგის ''სკონტოსა'' (1999-2005) და მოლდოვურ ''დაჩიაში'' (2008-09, 2010-11) გაატარა.

ფოტო: თბილისის ''ლოკომოტივის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები