''ლოკომოტივმა'' გამარჯვება დაიმსახურა'' - თეთრაძემ ქართული კლუბი შეაქო
Aa
Aa

''ლოკომოტივმა'' გამარჯვება დაიმსახურა'' - თეთრაძემ ქართული კლუბი შეაქო

უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''ლოკომოტივმა'' ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე მოსკოვის ''დინამო'' 2:1 დაამარცხა. რუსულ მედიაში აღნიშნულ შეხვედრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მატჩის შესახებ რუსულ პრესასთან მოსკოვის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა ომარ თეთრაძემ ისაუბრა. მისი თქმით ქართულმა კლუბმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ომარ თეთრაძე: ''თბილისის ''ლოკომოტივმა'' დამსახურებულად გაიმარჯვა, ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვების დიდი სურვილი ჰქონდათ. მასპინძლებმა მოსკოვის ‘’დინამოს’’ მოთამაშეებს თავისუფალი სივრცეები შეუზღუდეს, არაფრის საშუალება მისცეს. ამავდროულად ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელები კონტრშეტევებზე კარგად თამაშობნენ, სათამაშო დისციპლინას იცავდნენ. ყოჩაღ თბილისის ''ლოკომოტივს''.

მოსკოვის ‘’დინამოს’’ მწვრთნელის შეცვლა არ უშველის, მიზეზი ფეხბურთელებშია. უპირველესად მოთამაშეებმა ერთმანეთს უნდა სცენ პატივი. მოსკოვის ‘’დინამოს’’ 2-3 ფეხბურთელის თვიური ხელფასი ''ლოკომოტივის'' წლიურ ბიუჯეტს უდრის. თუ მართლა ვარსკვლავი ხარ, გამოდი და მოედანზე დაამტკიცე.  ნჟი და ფილიპი მოედანზე არ ჩანდნენ. ეს სამწუხაროა. ''დინამოს'' თამაშში არ იყო სისწრაფე და კრეატივი''.

1991-95 წლებში ამპლუით მცველი ომარ თეთრაძე მოსკოვის ''დინამოს'' ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. მას ასევე უთამაშია თბილისის ''დინამოში'',  ოზურგეთის ''მერცხალში'', იტალიურ ''რომაში'', ვლადიკავკაზის ''ალანიაში'', ბერძნულ ''პაოკში'', ''ანჟიში'' და ''კრილია სოვეტოვში''. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ გამოცდილი სპეციალისტი რუსულ და ყაზახურ კლუბებს წვრთნიდა.

რაც შეეხება ''ლოკომოტივს'', მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისური გუნდის მეტოქე ესპანური ლა ლიგის წარმომადგენელი ''გრანადაა''. შეხვედრა ესპანეთში 24 სექტემბერს გაიმართება. ევროპა ლიგის ფლიო-ოფის წილისყრის შემდეგ ცნობილია, რომ ესპანური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ჭიაბრიშვილის გუნდი შვედურ ''მალმიოსა'' და ხორვატულ ზაგრების ''ლოკომოტივას'' წყვილში მოგებულს სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები