ოქრიაშვილი: ''ქეცბაია მენდო და ყველაფერი ნულიდან დავიწყე''
Aa
Aa

ოქრიაშვილი: ''ქეცბაია მენდო და ყველაფერი ნულიდან დავიწყე''

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ''ანორთოსისის'' ლიდერმა თორნიკე ოქრიაშვილმა გადაცემაში ''სპორტი დიდ ქალაქში'' საინტერესო თემებზე ისაუბრა. ''კრასნოდარის'' ექს-შემტევის თქმით მხოლოდ შესაძლებლობების ასი პროცენტით გამოვლენაზე ფიქრობს.

ოქრიაშვილი: ''ბევრი ტრავმა გადავიტანე. ''ანორთოსისში'' ყველაფერი ნულიდან დავიწყე, რაც მარტივი არ ყოფილა. ფეხბურთში ყოველთვის დიდი ბრძოლა გიწევს. ოჯახი დამეხმარა, რომ სასურველ ფორმაში შევსულიყავი.

ჩემს შესაძლებლობებს ბოლომდე არ ვიყენებდი. ახლა გვიანი არ არის, 28 წლის ვარ და მინდა ჩემი შესაძლებლობების 100 პროცენტი გამოვავლინო.

დღეს მხოლოდ ფეხბურთის თამაში მინდა, სხვა საერთოდ არაფერი. მსურს, რომ ჩემი ეს ''მინდა'' ბელარუსთან გადამწყვეტი იყოს.

ფეხბურთში ნდობის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. როცა მწვრთნელი გენდობა, შენი მოტივაცია ძალიან იზრდება, უფრო თავდაჯერებული ხდები და ყველაფერი უფრო ადვილად გამოგდის''.

ოქრიაშვილმა პოზნანის ''ლეხში'' გადაბარგებულ ნიკა კაჭარავას შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა: ''გლოვა გვქონდა გამოცხადებული. ნიკას წასვლა ძალიან გვეწყინა''.

''ანორთოსისის'' შემტევმა ერთა ლიგის ნახევარფინალის შესახებაც ისაუბრა. 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ''დინამო არენაზე'' ბელარუსს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში ითამაშებს, სადაც ვაისის გუნდის მეტოქე მაკედონია ან კოსოვო იქნება.

ოქრიაშვილი: ''დარწმუნებული ვარ, რომ ბელარუსიას, კოსოვოს და მაკედონიას ვაჯობებთ. ეროვნული ნაკრები ამ მიზნისთვის ცხოვრობს. ამ ეტაპზე  მაკედონია კოსოვოზე უკეთეს ფორმაშია. კარგი იქნება თუ ფინალში მაკედონიას შევხვდებით, რადგან ამ გუნდს კარგად ვიცნობთ''.

მასალაში გამოყენებულია სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები