კობიაშვილი: ''ეროვნული გუნდი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა''
Aa
Aa

კობიაშვილი: ''ეროვნული გუნდი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა''

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ გადაცემაში ''ბურთი და მოედანი'' ისაუბრა. ''შალკეს'' ექს-ნახევარმცველმა მიმდინარე თვეში ჩატარებულ შეხვედრებზე საკუთარი აზრი გამოთქვა. კობიაშვილის აზრით საქართველოს ნაკრები ასეთი გუნდური და ერთიანი არასდროს ყოფილა.

ლევან კობიაშვილი: ''შესაძლოა წარსულში საქართველოს ნაკრებში ინდივიდუალურად უფრო ძლიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ, მაგრამ რასაც ჰქვია გუნდი და რაც თანამედროვე ფეხბურთში წარმატებას განაპირობებს, წარსულში ასეთი გუნდი არ გვყოლია, რაც როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა იგრძნობა. ვგულისხმობ მათ შორის კომუნიკაციას და ა.შ.

საქართველოს ნაკრები თამაშობს ფეხბურთს მინუსებითა და პლუსებით. გვაქვს ხარვეზები დაცვით ხაზში. მაგალითად, ესტონეთში პირველი და მეორე ტაიმი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ბურთის ფლობისას კარგად გამოვიყურებით, მაგრამ როცა ბურთს ნაკლებად ვფლობთ, ხარვეზები ჩნდება.

საქართველოს ნაკრები ფეხბურთს თამაშობს. ეტაპობრივად ნაკრების თამაში გვსიამოვნებს, მაგრამ ხარვეზებსაც ვხედავთ, რაც გამოსასწორებელია. ზოგჯერ ძირითადი ბირთვის მოთამაშეები ტრავმირებულნი არიან და მათი ტრავმიანობა ახალი მოთამაშეების მოწვევას განაპირობებს და ა. შ.

საბოლოო ჯამში იმედიანად ვარ, რადგან ვხედავ, რომ საქართველოს ნაკრები ფეხბურთს თამაშობს''.

ლევან კობიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში პირველი ჩატარებული მატჩი გაიხსენა, როცა ნორვეგიაში მისი შეცდომის გამო პენალტი დაინიშნა და სოლბაკენმა გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო.

''მართლა შოკში ვიყავი, როცა ჩივაძემ ნორვეგიასთან სასტარტოში დამაყენა. 87-ე წუთზე პენალტი ავიკიდე და 1:0 წავაგეთ. მთელი წნეხი ჩემზე რომ წამოსულიყო, ეს ხომ ჩემს კარიერაზე ცუდად აისახებოდა. მხოლოდ მალის შეცდომაზე საუბარი არასწორია, რადგან მას შემდეგ მოედანზე მოქმედებები იყო და მასზე უფრო გამოცდილმა ფეხბურთელებმა შეცდომები დაუშვეს. ეს რაღაც ჯაჭვია და მხოლოდ მალის შეცდომაზე საუბარი არასწორია.

ცხადია, გასულ ორ მატჩში 6 ქულის მოპოვება შეგვეძლო და კრიტიკულები ვართ''.

მიმდინარე თვეში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე გათამაშების C ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი გამართა. ვაისის გუნდმა სტუმრად ესტონეთი ნიკა კაჭარავას გოლით დაამარცხა, საკუთარ კედლებში კი მაკედონიასთან ფრედ 1:1 ითამაშა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 8 ოქტომბერს ბელარუსთან გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფინალურ მატჩს საკუთარ კედლებში გამართავს და მაკედონია-კოსოვოს მოგებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები