ფლორენცი პარიზში - პსჟ-მ რომასთან შეთანხმებას მიაღწია
Aa
Aa

ფლორენცი პარიზში - პსჟ-მ რომასთან შეთანხმებას მიაღწია

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით პსჟ მზადაა ''რომას'' 29 წლის მარჯვენა მცველი ალესანდრო ფლორენცი დაიმატოს. შეთანხმების მიხედვით საწყის ეტაპზე ფლორენცი ფრანგულ კლუბში იჯარის წესით გადავა, შემდეგ კი უმდიდრეს ფრანგულ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება. მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და ფორმალური საკითხია გადასაჭრელი.

აღნიშნულ ტრანსფერზე იტალიელი აგენტი ალესანდრო ლუჩი მუშაობს. ფრანგული მედიის ცნობით ფლორენცის რომაულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.

იტალიელი ფეხბურთელი დედაქალაქელთა ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მან კარიერის დიდი ნაწილი ''რომაში'' გაატარა, თუმცა ორჯერ გაანათხოვრეს ''კროტონესა'' და ''ვალენსიაში''. გასული სეზონის მეორე ნახევარში ფლორენციმ ესპანურ კლუბში 14 მატჩი ჩაატარა.

მას ''რომასთან'' ერთად ტიტული არ მოუგია, თუმცა სერია ა-ს ვიცე-ჩემპიონი სამჯერ გახდა (2013-14, 2014-15 და 2016-17).

2012 წლიდან მოყოლებული ალესანდრო ფლორენციმ იტალიის ეროვნულ გუნდში 36 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები