პრემიერ ლიგის ოფიციალური უარი - ნიუკასლი არ გაიყიდება
Aa
Aa

პრემიერ ლიგის ოფიციალური უარი - ნიუკასლი არ გაიყიდება

„ნიუკასლმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პრემიერ ლიგამ „კაჭკაჭების“ ხელმძღვანელებს კლუბის გაყიდვა აუკრძალა. ერთ-ერთი უძველესი ინგლისური გუნდის შეძენა სურდა ჯგუფს, რომელშიც საუდის არაბეთის სახელმწიფო ფონდი (PIF), PCP Capital Partners-ი და ძმები რუბენები ერთიანდებიან.

„ნიუკასლის“ განცხადების მიხედვით, კლუბმა პრემიერ ლიგას სამხილები და ოფიციალური დოკუმენტები გადასცა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საუდის არაბეთის სახელმწიფო ფონდი საუდის არაბეთის მთავრობისგან დამოუკიდებელი და ავტონომიური ორგანიზაციაა, თუმცა როგორც ჩანს, ამან პრემიერ ლიგის გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „კაჭკაჭები“ და მისი მფლობელები თვლიან, რომ პრემიერ ლიგამ და მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ მასტერსმა შექმნილ ვითარებაში არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. „ნიუკასლი“ კლუბის ხელთ არსებულ ყველა გზას გამოიყენებს, რათა გადაწყვეტილება შეიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ჯგუფი „ნიუკასლის“ სანაცვლოდ 300 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდა. Daily Mail-ის ცნობით, „კაჭკაჭების“ ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ უპირატესობა მათ ხელშია და იურიდიული დავის დაწყების შემთხვევაში, ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები