Aa
Aa

"მან ექიმებს უნდა დაუჯეროს" - ანჩელოტიმ ძანიოლო გაამხნევა და რამდენიმე რჩევა მისცა

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა კარლომ ანჩელოტიმ ნიკოლო ძანიოლოზე და მის ტრავმაზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა ძანიოლო გაამხნევა და რამდენიმე რჩევა მისცა.

"შეხვედრას პირდაპირ ეთერში ვუყურებდი. როდესაც ნიკოლო წაიქცა, იმ წამსვე მივხვდი რა დაემართა. მე მისი მესმის, რადგან მსგავსი ტრავმა მეც გადამიტანია. ზუსტად ვიცი რას გრძნობს და რა რთულ მდგომარეობაშია ახლა ის.

რამდენიმე დღეში ძანიოლოს დავურეკავ და გავამხნევებ. გარანტიას გაძლევთ ის უფრო მეტად ძლიერი დაბრუნდება. 40 წლის წინ ჯვარედინი მყესები მეც გავიწყვიტე, მაგრამ ოპერაციის შემდეგ თავი შესანიშნავად ვიგრძენი. წარმოიდგინეთ მედიცინის კუთხით რა სიტუაცია იყო მაშინ და ახლა 21-ე საუკუნეში ყველაფერი ბევრად განვითარებულია.

დარწმუნებული ვარ, რომ ნიკოლო მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდება. ეს კი "რომასთვის" და იტალიური ფეხბურთისთვის შესანიშნავი იქნება.

ძანიოლოს შესანიშნავი ტექნიკა აქვს და თავისუფლად შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოესურვება. არ გამოვრიცხავ, რომ დროთა განმავლობაში მან სათამაშო პოზიცია შეიცვალოს.

რეაბილიტაციის კურსის შემდეგ მუხლი მაინც მაწუხებდა, მაგრამ დანებებაზე არასდროს მიფიქრია. ინდივიდუალურად ყოველდღე ვვარჯიშობდი და ტრავმის მოშუშებაში უდიდესი წვლილი, ველოსიპედით სეირნობამ შეიტანა. იგივეს ვურჩევ ნიკოლოსაც.

ასევე მინდა ვურჩიო, რომ ზედმიწევნით ზუსტად შეასრულოს ექიმების მითითებები. არ აჩქარდეს და ყველაფერი სწორად გააკეთოს. მხოლოდ ასე თუ შეძლებს საბოლოოდ გამოჯანმრთელებას." - განაცხადა ანჩელოტიმ

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელმა ჯვარედინი მყესები, ერთა ლიგის მატჩში ნიდერლანდების წინააღმდეგ შეხვედრის 41-ე წუთზე გაიწყვიტა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იტალიელმა ხსენებული დაზიანება, ბოლო 8 თვის განმავლობაში მეორედ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები