ვაისი: ''ჩაკვეტაძე მზად არ იყო... ახალგაზრდებისგან პროგრესს ველი''
Aa
Aa

ვაისი: ''ჩაკვეტაძე მზად არ იყო... ახალგაზრდებისგან პროგრესს ველი''

უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშების მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ''დინამო არენაზე'' მაკედონიას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. შესვენების შემდეგ 64-ე წუთზე ჯაბა კანკავასთან ორთაბრძოლისას მუსლიუმ წითელი ბარათი მიიღო და მაკედონიამ მატჩის დარჩენილი დრო რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარა. ამ ფაქტორის მიუხედავად საქართველოს ნაკრებმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ''დინამო არენაზე'' პრესკონფერენცია გამართა.

ვლადიმირ ვაისი: ''მაკედონისთან შეხვედრაში გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი გვქონდა, თუმცა მეტოქე საკმაოდ კარგი გუნდია, მაკედონიელი ფეხბურთელები საკმაოდ მაღალი დონის კლუბებში თამაშობენ.

შემდეგ თვეში ბელარუსთან გასამართი მატჩი საკმაოდ მნიშვნელოვანია. 

გიორგი ჩაკვეტაძე ორივე შეხვედრაში სასტარტოში თამაშისთვის მზად არ იყო. ამიტომაც არ გავამწესე სასტარტო თერთმეტეულში.

ცხადია დღევანდელ მატჩში გვსურდა გამარჯვების მოპოვება, სამი ქულის მოპოვება. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში 1:1 კარგი შედეგია. გამარჯვებას შევეცადეთ, თუმცა არ გამოგვივიდა. იმედი მაქვს, ბელარუსთან მატჩისთვის ფეხბურთელები უფრო შეთამაშებულები იქნებიან.

თქვენ იცით, რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე სერიოზული პრობლემა გვაქვს. შეცდომის მიუხედავად ნიკა მალი კარგი ბიჭია. შესაძლოა, ეს ჩემი შეცდომა იყო, რომ მალის ნაადრევად მივეცი ეროვნულ ნაკრებში თამაშის დებიუტი.

ცენტრალური ფორვარდისა და მარცხენა მცველის პოზიციები პრობლემატურია.

ნიკა კაჭარავამ მეტი უნდა იბრძოლოს, მეტი უნდა იმუშავოს. ჩვენ გვჭირდება უფრო ხარისხიანი თამაში. ცენტრფორვადების თამაშით კმაყოფილი არ ვარ. ვგულისხმობ, როგორც ქვილითაიას, ასევე კაჭარავას.

ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და სამომავლოდ ველით, რომ თამაშის ხარისხს ახალგაზრდა მოთამაშეები გააუმჯობესებენ. 

ბუდუ ზივზივაძის თამაშს თვალს ვადევნებ, თუმცა ვფიქრობ, რომ ქვილითაია უფრო მაღალი დონის ფეხბურთელია''.

შეგახსენებთ, უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშების პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ტალინში ნიკა კაჭარავას ერთადერთი გოლით გაიმარჯვა. ორი ტურის შემდეგ ვაისის გუნდის ანგარიშზე 4 ქულაა.

მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები