იგუაინი ინტერ მაიამიში? - პიპიტას ბექჰემი ეპატიჟება
Aa
Aa

იგუაინი ინტერ მაიამიში? - პიპიტას ბექჰემი ეპატიჟება

ტურინის "იუვენტუსისა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი გონსალო იგუაინი "ბებერ ქალბატონში" აღარ ითამაშებს. ამასთან დაკავშირებით პიპიტას ძმა, ნიკოლას იგუაინი, რომელიც მისი აგენტი გახლავთ ტურინში ჩაფრინდა რათა საბოლოო დეტალები შეათანხმოს.

გონსალოს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და საქმე ახლა მის ხელფასს ეხება. გასარკვევია თუ რა პირობით უშვებენ პიპიტას გუნდიდან. იმ შემთხვევაში თუ "იუვე" მას უფასოდ შეელევა ან რომელიმე სხვა კლუბი იყიდის, მათ აღარ მოუწევთ კიდევ ერთი წლის ანაზღაურების გადახდა. არსებობს მეორე ვარიანტიც. თუ არცერთი სხვა გუნდი იგუაინს არ შეიძენს, მაშინ პირლოს მოთხოვნით არგენტინელს დაითხოვენ და 1 წლის ხელფასის გადახდა აუცილებლად მოუწევთ. 

football italia-ზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ 32 წლის ფეხბურთელით, დევიდ ბექჰემის "ინტერ მაიამი" ინტერესდება. ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად ფეხბურთელი, მაგრამ ერთი რამ ნათელია, მომავალ სეზონში იგუაინი "ბებერი ქალბატონის" ღირსებას აღარ დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ტურინელებმა "ნაპოლიდან" გონსალო 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს. ჯამში იგუაინმა "იუვენტუსის" მაისურით 148 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 66 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები