გახარია: „რაგბი ჩვენი იდენტობის ნაწილად იქცა. 6 ერის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ
Aa
Aa

გახარია: „რაგბი ჩვენი იდენტობის ნაწილად იქცა. 6 ერის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ"

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეც დაესწრნენ, გახარია 6 ერის საკითხს შეეხო და ისიც აღნიშნა, რომ მთავრობამ რაგბის კავშირის ფინანსური პრობლემები გადაწყვიტა.

„საქართველოში რაგბი მხოლოდ სპორტის ერთ-ერთი სახეობა არ არის. ამ თამაშმა ძალიან დიდი ადგილი დაიკავა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ჩვენი იდენტობის ნაწილადაც კი იქცა. გარდა ამისა, ჩვენმა საამაყო ნაკრებმა არაერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ და რაგბი ჩვენი თამაშია.

ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს, რომელსაც განვითარება სჭირდება. რაგბის პოპულარიზაციასთან ერთად, მომავალი თაობების სათანადო მომზადებისთვის ყველა პირობა უნდა შევქმნათ. სწორედ ამას ისახავს მიზნად წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების მიერ რაგბის განსაკუთრებული ხელშეწყობა

მთავრობა ყველაფერს აკეთებს ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის და 6 ერის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ასევე მთავრობამ რაგბის კავშირის ფინანსური პრობლემები სრულად გადაწყვიტა“, - განაცხადა გახარიამ.

როგორც მოგეხსენებათ, უცხოურ პრესაში ვარაუდობენ, რომ რვა ერის ტურნირში, რომელიც 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდეა ჩანიშნული, იაპონიის ნაკრებს საქართველოს ეროვნული გუნდი ჩაანაცვლებს, რაც „ბორჯღალოსნებისთვის“ ძალიან კარგი შანსია.

ფოტო გიორგი გახარიას ფეისბუქ გვერდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები