''მიზანი 3 ქულის მოპოვებაა'' - ვაისი მაკედონიასთან მატჩს ოპტიმისტურად ხვდება
Aa
Aa

''მიზანი 3 ქულის მოპოვებაა'' - ვაისი მაკედონიასთან მატჩს ოპტიმისტურად ხვდება

უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშების მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები მაკედონიას შეხვდება. მატჩამდე საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ''დინამო არენაზე'' პრესკონფერენცია გამართა.

ვლადიმირ ვაისი: ''მაკედონია ძალიან კარგი გუნდია. მეტოქემ პირველ ტურში სამი ქულა მოიპოვა. მაკედონიის ნაკრები კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ჩვენ 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ.

ვაკო გვილია ხვალინდელი მატჩისთვის მზადაა. მას ტრავმა არ ჰქონია. მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა ხვალისთვის მზად იქნება.

ყაზაიშვილისა და კაშიას საქართველოში ჩამოსვლა მარტივი არაა. ვაკომ ბოლო მატჩში კარგად ითამაშა. როგორც ვაკო, ასევე კაშია გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. კლუბთან გვქონდა კომუნიკაცია და კლუბმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის თბილისში იქნებიან.

ჩაკვეტაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მას სჭირდება ბევრი სათამაშო დრო. მან ესტონეთთან კარგი მატჩი ჩაატარა, მან ბევრი იმუშავა. მისთვის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნება ადვილი არ იყო. ყველას სურს იმ ჩაკვეტაძის ხილვა, როგორიც ერთა ლიგის პირველი გათამაშების მატჩებში იყო. 

კვარაცხელია დიდი ტალანტია. მე ასევე მივეცი შანსი სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს. მაგალითად, არაბიძესა და ხარაბაძეს, მაგრამ ზოგჯერ ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის შანსის მიცემა მაშინებს.

ერთა ლიგის ნახევარფინალში ოთხივე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი 25 პროცენტით აქვს. ნახევარფინალში გამარჯვებულთა შანსები 50 პროცენტი იქნება.

10 თვე ფეხბურთის და ვარჯიშის გარეშე ძალიან რთულია. ზოგადად რთულია საუბარი ბელარუსის ნაკრებზე. ბელარუსში სეზონი არ შეჩერებულა, თუმცა ჩვენი ფეხბურთელები 100 პროცენტზე მეტი მონდომებით ემზადებიან და ეს ძალიან ნათელია.

მე შემიძლია ვთქვა, რომ ოქრიაშვილი დაბრუნდა. მისი შეფერხება გამოიწვია ტრავმებმა, რომელიც მან გადაიტანა. მას ქვეყანა და მისი გუნდი ძალიან უყვარს.

შესაძლოა, ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი ხვალინდელ შეხვედრაში ვერ ვიხილოთ. შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მივიღებ. ოქრი ვარჯიშებზე 100%-ზე მეტად იხარჯება. მარცხენა ფლანგზე სათამაშოდ სხვა ფეხბურთელებიც მზად არიან. 

იმედი მაქვს კვარაცხელია მაკედონიასთან ისეთივე პროდუქტიული იქნება, როგორიც ესტონეთთან შეხვედრაში იყო. მის დრიბლინგებს და მწვავე თამაშს ველი.

როცა საქართველოში ჩამოვედი, მაშინ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები იტალიაში, ჰოლანდიასა და ბელგიაში თამაშობდნენ, ახლა კი მაგალითად ოქრიაშვილი კვიპროსზე ასპარეზობს, თუმცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებში დიდ მონდომებას ვხედავ''.

შეგახსენებთ, საქართველოსა და მაკედონიას შორის დაპირისპირება 8 სექტემბერს გაიმართება. ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ''დინამო არენაზე'' 20:00 საათზე დაიწყება.

მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები