კახი ასათიანი - მოთამაშე, რომელმაც ფეხბურთის ისტორიაში პირველი ბარათი მიიღო
Aa Aa

კახი ასათიანი - მოთამაშე, რომელმაც ფეხბურთის ისტორიაში პირველი ბარათი მიიღო

1863 წელს, ინგლისში შეიმუშავეს ფეხბურთის წესები, რომლებიც თანდათან მუდმივად იცვლებოდა. მანამდე მსაჯები ფეხბურთელებს სიტყვიერად აფრთხილებდნენ და გადაწყვეტილებას ბლოკნოტში იწერდნენ.

1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ინგლისში იმართებოდა, გაუგებრობა მოხდა. მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს ტურნირის მასპინძლები და არგენტინელები ხვდებოდნენ - თამაში ძალიან უხეში გამოდგა და არეულობის გამო მსაჯის შეხვედრის შეჩერება ხშირად უხდებოდა. ერთ-ერთი უხეშობის შემდეგ გერმანელმა არბიტრმა, რუდოლფ კრაიტლანმა არგენტინელთა კაპიტან ანტონიო რატინს შეატყობინა, რომ უხეშად ითამაშა და მოედნიდან იყო გაძევებული.

მსაჯმა ფეხბურთელს გერმანულად უთხრა, რადგან არც ესპანური და არც ინგლისური ენა არ იცოდა. თავის მხრივ, არგენტინელმა მოთამაშემ არ იცოდა გერმანული ენა და მოედანს არ ტოვებდა. შეხვედრა 10 წუთით გაჩერდა და მსაჯმა მიმართა დელეგატს, ინგლისელ კენ ასტონს, რომელმაც პრობლემა გადაჭრა და არგენტინელთა კაპიტანს გააგებინა, რომ მოედნიდან გაძევებული იყო.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კენ ასტონს მოუვიდა იდეა, რომ ფეხბურთელებს გაფრთხილების შემთხევვაში ყვითელი ბარათი მიეღოთ, ხოლო გასაძევებლად - წითელი, რათა აღარ განმეორებულიყო მეოთხედფინალური მატჩის გაუგებრობა. იდეა მას ლონდონში მანქანით სიარულის დროს მაშინ დაებადა, როდესაც შუქნიშანზე წითელ ფერზე გაჩერდა. ინგლისელმა დელეგატმა ნააზრევი ფიფა-ს გაუზიარა.

ფეხბურთის მმართველმა ორგანომ გაითვალისწინა რჩევა და მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 1970 წელს მექსიკაში გაიმართა, ყვითელი და წითელი ბარათი დაუშვა. ჩემპიონატის გაცხსნით შეხვედრაში ერთმანეთს ტურნირის მასპინძელი და საბჭოთა კავშირის ნაკრებები ხვდებოდნენ. მატჩის 31-ე წუთზე გერმანელმა არბიტრმა, კურტ ჩენშერმა ყვითელი ბარათი კახი ასათიანს უჩვენა. ამრიგად, ასათიანი შევიდა ისტორიაში იმ ფაქტით, რომ ის არის პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ბარათი უჩვენეს. შეხვედრა ფრედ დასრულდა. მსაჯმა ბარათით კიდევ 4 ფეხბურთელი გააფრთხილა, ესენი იყვნენ გივი ნოდია, ევგენი ლოვჩევი, გენადი ლოგოფეტი და მექსიკელთა კაპიტანი გუსტავო პენია.

კახი ასათიანი 1947 წლის 1 იანვარს, ქალაქ თელავში დაიბადა. 18 წლის ასაკში, თბილისის „დინამოში“ დაიწყო თამაში და 218 ჩატარებულ შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა. საბჭოთა კავშირის ნაკრებში 16 მატჩი გამართა და მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო. ფეხბურთელმა მძიმე ტრავმის გამო კარიერა 28 წლის ასაკში დაასრულა.

საფეხბურთო კარიერის შემდეგ ის მწვრთნელად მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ 1981 წლის „დინამოს“ თასების თასის ჩემპიონობის დროს კახი ასათიანი ნოდარ ახალკაცის თანაშემწე იყო. მას მერე ის 10 წელი სპორტისა და ტურიზმის მინისტრი გახლდათ. სიცოცხლის ბოლო წელს კი ავიაკომპანია „აირზენას“ ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა. კახი ასათიანი 55 წლის ასაკში, ვაკეში, საკუთარ სახლთან მანქანაში მოკლეს. საქმე ჯერაც გაუხსნელია.

გაზიარება: