Aa
Aa

"დეპაი ლიგის მომგებ კლუბში? მე მას ჩემი მანქანით წავიყვან" - რუდი გარსია მემფისის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

სპორტულ პრესაში აქტიურად იწერება მემფის დეპაის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა.

"თუ მემფისი ისეთ გუნდში მოისურვებს გადასვლას, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, მე მას ჩემი პირადი მანქანით წავიყვან. დეპაი შესანიშნავი ფეხბურთელია. მისი დარჩენის შემთხვევაში კლუბი კვლავ ძლიერი იქნება, მაგრამ თუ წავა არ შევეწინააღმდეგები." - განაცხადა გარსიამ Telefoot-თან საუბრისას.

26 წლის ფეხბურთელს "ლიონთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს. გასული სეზონში ფრანგული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და მიუნხენის "ბაიერნთან" 0:3 დამარცხდა. ცხადია, რომ რუდი გარსიას გუნდისთვის ლიგის ნახევარფინალი წარმატებაა და ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მემფის დეპაიმ შეიტანა.

მემფისმა პროფესიონალური კარიერა 2011 წელს პსვ-ს რიგებში დაიწყო. ნიდერლანდებში მან 4 წელი დაჰყო, ჩაატარა 124 შეხვედრა და 50 გოლი გაიტანა. დეპაის პროგრესი არ გამოჰპარვიათ "მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტებს და სათამაშოდ "წითელ ეშმაკებში" მიიწვიეს. 26 წლის შემტევმა ინგლისში ფეხი ვერ მოიკიდა და ორი სეზონის მანძილზე ჩატარებულ 53 შეხვედრაში მხოლოდ 7 გოლის გატანა მოახერხა. ნიდერლანდელი ფეხბურთელი "ლიონს" 2016 წლის ზამთარში შეუერთდა და საკუთარი თამაში სწორედ საფრანგეთში იპოვა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 139 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 57 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები