პირველი სამი ქულა - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო
Aa
Aa

პირველი სამი ქულა - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო

ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი სტუმრად დაამარცხა. "ჯვაროსნებმა" 3 ქულა ნიკა კაჭარავას პირველ ტაიმში გატანილი გოლით აიღეს.

მთელი მატჩის განმავლობაში ქართველები დომინირებდნენ და მეტოქეს არანაირ შანსს არ აძლევდნენ. მე-4 წუთზე შესანიშნავი შანსი ჰქონდა თორნიკე ოქრიაშვილს, მაგრამ ცარიელი კარიდან ბურთი მეტოქის მცველმა გამოიტანა.

ამის შემდეგ სტუმრები აქტიურობას განაგრძობდნენ და 32-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ, კვარაცხელიას ბრწყინვალე პასს თავი დაუხვედრა და ანგარიში გახსნა.

სიტუაცია მეორე ტაიმში  დიდად არ შეცვლილა. ქართველი ფეხბურთელები ბურთს აქტიურად ფლობდნენ და მეტოქეს არაფრის შანსს არ აძლევდნენ. ესტონელებმა საკუთარი თამაში კონტრ-შეტევებზე ააგეს, მაგრამ ქართველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოწინააღმდეგეს არც ამის შესაძლებლობას აძლევდნენ.

შეხვედრიდან გამოსარჩევია ხვიჩა კვარაცხელია. 19 წლის ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ვაისის ტაქტიკა ხვიჩაზე იყო მორგებული. შეტევების უმეტესი ნაწილი მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა და ახალგაზრდა ქართველი ხშირად ხვდებოდა მოვლენების ეპიცენტრში. ბოლო წუთებზე მასპინძლები წინ წავიდნენ და უკანა ხაზი შედარებით შესუსტდა. ქართველებს მეორე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ ორივე დარტყმა მიზანს ასცდა.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ესტონეთმა ზედიზედ მე-6 შეხვედრა წააგო ისე, რომ გოლის გატანა ვერ მოახერხა.

საბოლოო ჯამში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მინიმალური სხვაობით 0:1 გაიმარჯვა და ერთა ლიგის C ლიგის მე-2 ჯგუფში პირველი 3 ქულა მოიპოვა. ასევე მოიგო ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმაც, რომელმაც სომხეთს 2:1 აჯობა. ასე რომ, ჯგუფს საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონია ჩაუდგნენ სათავეში.

შემდეგი მატჩი 8 სექტემბერს თბილისში გაიმართება. ჩვენი ქვეყნის ნაკრები სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები