MARCA - მიზეზები, რის გამოც რეალმა ვან დე ბეეკი არ იყიდა
Aa
Aa

MARCA - მიზეზები, რის გამოც რეალმა ვან დე ბეეკი არ იყიდა

სულ ცოტა ხნის წინ დონი ვან დე ბეეკი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა. "წითელ ეშმაკებში" გადასვლის შემდეგ, ნიდერლანდელმა თავის პირველ ინტერვიუში "ბლანკოსი" გააკრიტიკა.

"ყველაფერი მზად იყო. "რეალთან" შეთანხმება დადებული მქონდა და გასამგზავრებლად ვემზადებოდი, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ტრანსფერი ჩაიშალა." - განაცხადა ვან დე ბეეკმა

დღეს კი სპორტული გამოცემა "მარკა" იმ მიზეზებს აქვეყნებს, რის გამოც ხსენებული ტრანსფერი არ შედგა.

ფედე ვალვერდე - ურუგვაელმა ნახევარმცველმა საოცარი პროგრესი განიცადა და ზინედინ ზიდანს თავი ძალიან შეაყვარა. ფედე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება და ერთ-ერთი მიზეზი ვან დე ბეეკის ტრანსფერის ჩაშლის სწორედ ეს გახდა.

მარტინ ოდეგორი - ნორვეგიელი ფეხბურთელი რამდენიმე წელია "სამეფო კლუბის" საკუთრებაა, მაგრამ მადრიდელთა ხელმძღვანელობა მას მუდამ სხვა გუნდში იჯარის წესით ანათხოვრებდა. გასულ სეზონში ოდეგორი "რეალ სოსიედადის" ღირსებას იცავდა და საკუთარი შესაძლებლობები ბრწყინვალედ წარმოაჩინა. "რეალის" მთავარი მწვრთნელი, მას მომავალ სეზონში მთავარი გუნდის წევრად მოიაზრებს. აქედან გამომდინარე კლუბს ფედე ვალვერდე და მარტინ ოდეგორი ეყოლება, ვან დე ბეეკის ადგილი კი აღარ რჩება.

კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისი - კოვიდ ინფექციამ აბსულუტურად ყველა კლუბის ბიუჯეტი დააზიანა. აქედან გამომდინარე ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა, რომ ახალი შენაძენი არ იქნება. პრეზიდენტმა ფეხბურთელებს განუმარტა, რომ თუ მათ ახალი თანაგუნდელი სურთ, მაშინ ხელფასები უნდა შეიმცირონ. ამას კი სპორტსმენები არ დათანხმდნენ.

საბოლოო ჯამში ნიდერლანდელი ფეხბურთელის "ბლანკოსში" გადმოსვლა შეუძლებელი გახდა. პირველ რიგში მის პოზიციაზე შესანიშნავი ფეხბურთელები ასპარეზობენ, ხოლო როგორც უკვე მოგახსენეთ კორონავირუსისგან გამოწვეულმა ფინანსურმა კრიზისმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დონის ტრანსფერის ჩაშლაში.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები