მატჩის დღე - ახალგაზრდა ფეხბურთელები გორში ფრანგ თანატოლებს დაუპირისპირდებიან
Aa
Aa

მატჩის დღე - ახალგაზრდა ფეხბურთელები გორში ფრანგ თანატოლებს დაუპირისპირდებიან

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში საფრანგეთს უმასპინძლებს. 4 სექტემბერს, მატჩი გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგება. წლის სადებიუტო თამაშამდე ბოლო ვარჯიში ვასილ მაისურაძის გუნდმა 3 სექტემბერს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სამატჩო განაცხადში გარკვეული ცვლილებები მოხდა. გიორგი კუცია ეროვნულ ნაკრებთან ჩატარებული საწვრთნელი შეკრების შემდეგ, ახალგაზრდულ ნაკრებს ხვალიდან შეუერთდება. 20 წლის ფეხბურთელი ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტთან შეხვედრის განაცხადში იქნება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა,გორი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ლუკა სანიკიძე („თელავი“, თელავი)

მცველები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), ილია ბერიაშვილი („თელავი“, თელავი), ლუკა ქაფიანიძე („ტორპედო“,ქუთაისი), ლუკა ასათიანი („სამგურალი“, წყალტუბო), შალვა ბურჯანაძე („სამგურალი“, წყალტუბო), ჯემალ ჯინჯოლავა („ლოკომოტივი“, თბილისი)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი („დინამო“, თბილისი), რატი არდაზიშვილი („რუხი“, ლვოვი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), იური ტაბატაძე ( „საბურთალო“, თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი), დავით სამურკასოვი („ლოკომოტივი“, თბილისი), ბექა დარცმელია („ლოკომოტივი“, თბილისი), თორნიკე ძებნიაური („ლოკომოტივი“, თბილისი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი („დილა“, გორი), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“, თბილისი), ირაკლი ბუღრიძე („დინამო“, თბილისი) , სერგო კუხიანიძე (“სამგურალი“ წყალტუბო), ბექა ქავთარაძე („საბურთალო“, თბილისი)

საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ, 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ საფრანგეთთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:

ვასილ მაისურაძე: "შემიძლია ვთქვა, რომ ხუთდღიანმა მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა, ტრავმები არ გვაწუხებს. ამ ეტაპზე შანსი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს მიეცემათ და ვთვლი, რომ ეს კარგია. ამ დონეზე მარტივი თამაშები არ არსებობს მითუმეტეს მაშინ, როდესაც საფრანგეთის დონის ნაკრებზე ვსაუბრობთ. ჩვენ ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს დაპირისპირება, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მატჩი მაღალ დონეზე ჩავატაროთ."

მთავარი მწვრთნელთან ერთად დღევანდელი შეხვედრის შესახებ 21-წლამდე ნაკრების წევრებმა ირაკლი ბუღრიძემ და ლუკა გუგეშაშვილმა ისაუბრეს:

ირაკლი ბუღრიძე: "გუნდი ძალიან კარგ განწყობაზეა, ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. სასიამოვნოა, რომ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან გვიწევს დაპირისპირება. სამწუხაროდ, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლია, თუმცა მაღალ დონეზე თამაში ამ შემადგენლობითაც შეგვიძლია და შევეცდებით, რომ ეს დავამტკიცოთ."

ლუკა გუგეშაშვილი: "საფრანგეთი ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი და ნამდვილად რთული მეტოქეა. ჩვენ, მათ წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაშიც დავამტკიცეთ, რომ ასეთი დონის ნაკრებებთან თამაში შეგვიძლია და ხვალაც შევეცდებით, რომ ეს გავიმეოროთ. სამწუხაროდ, იმ მატჩში არ გაგვიმართლა და ახლა ვეცდებით, რომ თამაში ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ გუნდში არსებული დანაკლისი არ შეგვეტყოს და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ."

საქართველოსა და საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება 4 სექტემბერს, 21:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი 21-წლამდე და ეროვნულ ნაკრებთა მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში ოთხ შეხვედრაში მოპოვებული 9 ქულით საფრანგეთი მეორე ადგილზეა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები კი, 5 შეხვედრაში დაგროვებული 6 ქულით მესამეზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები