Aa
Aa

"ოქროს ბურთს ის იმსახურებდა" - ლიოვმა ნოიერი და ლევანდოვსკი შეადარა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოხიმ ლიოვმა მიმდინარე წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაზე ისაუბრა. ლიოვმა "კიკერთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მისი აზრით გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი არა ლევანდოვსკი, არამედ მანუელ ნოიერია.

"ლევანდოვსკის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ის მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია, მაგრამ ჩემი აზრით წლის საუკეთესო ფეხბურთელი მანუელ ნოიერია. მანუ 2019/2020 წლის სეზონში საოცარი იყო. მისმა თამაშმა ყველა აღაფრთოვანა."

""სეივები", რომლებიც ნოიერმა ლისაბონის ფინალში განახორციელა, ყველა კრიტიკოსი გააჩუმა. მანუელმა "ბაიერნის" ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ლევანდოვსკიმ 15 გოლი გაიტანა, რაც ძალიან რთულია, მაგრამ რომ არა ნოიერი  არავინ იცის რა მოხდებოდა"ლიონთან" და პსჟ-სთან შეხვედრებში" - განაცხადა ლიოვმა

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო 2019/2020 წლის ოქროს ბურთი არავის გადაეცემა. გულშემატკივრები და სპორტული ჟურნალისტები, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკის მოიაზრებდნენ. პოლონელმა ფეხბურთელმა წელს ყველა ტურნირზე ერთად, 47 ჩატარებულ შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წელს მანუელ ნოიერი ოქროს ბურთის მოგების სამ საუკეთესო კანდიდატში მოხვდა, მაგრამ გამარჯვებული პორტუგალიელი სუპერ ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები