BBC და Guardian - რვა ერში იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს
Aa
Aa

BBC და Guardian - რვა ერში იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს

BBC და Guardian იტყობინებიან, რომ რვა ერში იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სამოგზაურო აკრძალვების გამო, დიდი შანსია, „საკურამ" ტურნირში მონაწილეობა ვერ მიიღოს და 2019 წლის მსოფლიო თასის მასპინძლებს სწორედ „ბორჯღალოსნები“ შეცვლიან.

BBC-ის მიხედვით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ 24 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები „მარეიფილდზე“ შოტლანდიას ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება. შემდეგ კი ბრიტანელებს რვა ერის ეგიდით გამართულ შეხვედრაში გაეჯიბრება.

BBC-ის ინფორმაციას Guardian-იც ადასტურებს და აცხადებს, რომ თუ იაპონიის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სამოგზაურო აკრძალვები არ შეარბილა, „საკურა“ ტურნირს მიღმა დარჩება. Guardian-ის მტკიცებით, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის გამო, ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჯეიმი ჯოზეფი ქვეყანაში შესვლას ვერ ახერხებს და მისი შეგირდები მნიშვნელოვანი მატჩებისთვის სათანადოდ ვერ ემზადებიან. ბრიტანული გამოცემა აცხადებს, რომ თუ არაფერი შეიცვალა, რვა ერის ორგანიზატორები ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მიიწვევენ.

ცნობისთვის, იაპონიას ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის, იტალიისა და შოტლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. რვა ერს რაც შეეხება, ტურნირი 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდეა ჩანიშნული. გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილდებიან და 3-3 შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც იმ ნაკრებებს შეხვდებიან, რომლებმაც მეორე ჯგუფში იგივე ადგილი დაიკავეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები