ერთა ლიგა - ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
Aa
Aa

ერთა ლიგა - ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

3 სექტემბერს ევროპის სტადიონებზე უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშება იწყება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები D ლიგაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ C ლიგაში აღზევდა და მატჩებს მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავს.

ერთა ლიგის სადებიუტო ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოს დაიწყებს მზადებას. ვლადიმირ ვაისმა ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" 20 წლის ნახევარმცველი გიორგი კუცია და თბილისის "საბურთალოს" მცველი ნიკა მალი.

ერთა ლიგის ახალი გათამაშების აღნიშნულ ორ შეხვედრას, ამერიკის საფეხბურთო ლიგის სან ხოსე ერთქვეიქსის ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გამოტოვებენ. მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინე რეგულაციებია. კლუბთან შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ორივე ფეხბურთელი ოქტომბერში დაგეგმილ პლეი-ოფის პრინციპულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. 4 სექტემბერს ჩვენი გუნდი ტალინში გაემგზავრება. ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველი შეხვედრა ესტონეთსა და საქართველოს შორის 5 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ერთა ლიგის მეორე შეხვედრა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის, 8 სექტემბერს 20:00 საათზე შედგება.

უახლოესი ორი მატჩისთვის, ცნობილია დამატებით ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს: როინ კვასხვაძედავით კობოური, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი მერებაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ბუდუ ზივზივაძე, ლევან კუტალია, ელგუჯა ლობჯანიძე და ბაჩანა არაბული. 

უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი ყველა სანაკრებო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ეროვნული ნაკრების მონაწილეობით შეხვედრების რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები