ჩემპიონების სიტყვა - ბაიერნის ფეხბურთელთა მატჩისშემდგომი გამოხმაურებები
Aa
Aa

ჩემპიონების სიტყვა - ბაიერნის ფეხბურთელთა მატჩისშემდგომი გამოხმაურებები

მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეექვსედ მოიგო, ევროპული ტრებლი კი მეორედ შეასრულა. "რეკორდმაისტერმა" ფინალურ მატჩში კინგსლი კომანის ერთადერთი გოლით გაიმარჯვა. 

ფინალური შეხვედრის დასრულებისა და ევროპულ საკლუბო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოპოვების შემდეგ "ბაიერნის" ფეხბურთელებმა ემოციები ჟურნალისტებს გაუზიარეს.

კინგსლი კომანი: "ძალიან ბედნიერ ვარ და ეს რაღაც ექსტრაორდინალური შეგრძნებაა. ეს დაუჯერებელი საღამოა არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ მისი ყველა გულშემატკივრისთვის. მსურდა, კარგი თამაში ჩამეტარებინა, 100%-ით გამარჯვებაზე ვიყავი ორიენტირებული. პარიზელთა გამო ვწუხვარ, რადგან მე სწორედ ამ ქალაქიდან ვარ. მათ სუპერ თამაში ჩაატარეს, ისევე როგორც ჩვენ. ზოგადად, ეს ბრწყინვალე ფინალი იყო".

ჯოშუა კიმიხი: "ჩემს კარიერაში უდიდესი დღეა! როცა ტიტულს იგებ ისეთ ბიჭებთან ერთად, რომლებიც მოედანზე შენი ძმები არიან, ესაა ის მაქსიმუმი, რაც შეგიძლია საერთოდ მოითხოვო".

ალფონსო დეივისი: "ვინმე იფიქრებდა, რომ კანადელი ბიჭი ოდესმე ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებდა? ორი წლის წინ ეს ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, ვერაფრით დავუჯერებდი. ეს ისაა, რაზეც ბავშვი ოცნებობს - ევროპაში ჩასვლა და იქ ჩემპიონთა ლიგის მოგება ისეთ დიდ გუნდთან ერთად, როგორიც "ბაიერნია. ჩემი ამბავი სხვა ხალხისთვის შთამაგონებელი უნდა იყოს, რადგან ის აჩვენებს, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, რასაც გონებაში დაისახავ. ბედნიერი ვარ, რომ მკერდზე ჩემპიონთა ლიგის მედალი მაქვს ჩამოკიდებული და მხარზე თასი მადევს".

სერჟ გნაბრი: "დღეს ამ თასის მოგება საუკეთესო რამაა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს ფინალია, პსჟ მის მოსაგებად თამაშობდა, მაგრამ ეს ჩვენ გავაკეთეთ. ტიტულს ადვილად არავინ დაგითმობს, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით! ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ეს შრომა ევროპაში საუკეთესო გუნდის სტატუსის მოპოვებით დაგვირგვინდა".

ტომას მიულერი: "ყველამ კარგად ვიცით, ეს სეზონი საიდან და როგორ განვითარდა. საიდუმლო არ არსებობს, ჩვენ უბრალოდ თითოეული მატჩის შემდეგ წინ მივიწევდით. ცხადია, უმაღლესი დონის მოთამაშეები გვყავს, მაგრამ ასევე გვაქვს გუნდური სული. ეს ბიჭები ყველაფრისთვის მზად არიან".

 "ბარსელონას" შემდეგ "ბაიერნი" მეორე კლუბია, რომელმაც ევროპული ტრებლი ორჯერ შეასრულა. "რეკორდმაისტერმა" პირველად ეს 2012-13 წლების სეზონში იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით გააკეთა. იმ გუნდიდან ახლანდელ "ბაიერნში" მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი, დავიდ ალაბა, ხავი მარტინესი და ტომას მიულერი თამაშობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები