Aa
Aa

მე-6 ჩემპიონთა ლიგა და მე-2 ტრებლი! - ბაიერნი ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე!

მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონის გამარჯვებულია! ბავარიელებმა ფინალურ მატჩში ფრანგულ პსჟ-ს კინგსლი კომანის 59-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოუგეს.

ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის მოგების შემდეგ ტიტული ჩემპიონთა ლიგაზეც მოიპოვა და ევროპული ტრებლი ისტორიაში მეორედ შეასრულა. "რეკორდმაისტერი" "ბარსელონას" შემდეგ (2008-09 და 2014-15) მეორე გუნდია, რომელმაც ტრებლი ორჯერ მიითვალა.

ასეთი რამ ევროპულ ფეხბურთში დღემდე მხოლოდ 7 გუნდს აქვს გაკეთებული - „სელტიკს“ (1966-67); „აიაქსს“ (1971-72); პსვ-ს (1987-88); „მანჩესტერ იუნაიტედს“ (1998-99); „ბარსელონას“ (2008-09 და 2014-15); „ინტერსა“ (2009-10) და "ბაიერნს" (2012-13 და 2019-20).

პირველი ტრებლის შემსრულებელი გუნდიდან "ბაიერნის" ღირსებას 5 ფეხბურთელი ამ სეზონშიც იცავდა: მანუელ ნოიერი, ჟერომ ბოატენგი, დავიდ ალაბა, ხავი მარტინესი და ტომას მიულერი.

კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი ტურნირის ყველა მატჩის მოგებით გაჩემპიონებაა! ბავარიელებმა ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში 11-ვე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს. ჯგუფურ ეტაპზე მიღწეულ 6 გამარჯვებას 2-ჯერ "ჩელსის" და თითოჯერ "ბარსელონას", "ლიონისა" და პსჟ-ს დამარცხებაც მიამატეს.

"რეკორდმაისტერმა" ტურნირი 43 გოლით დაასრულა, რაც ისტორიაში მე-2 შედეგია. ამაზე მეტი ერთ სეზონში შეაგდო მხოლოდ "ბარსელონამ", რომელმაც ეს 1999-2000 წლების სეზონში გააკეთა. თანაც, "ბარსამ" 16 თამაში ჩაატარა, ბავარიელებმა კი - 11.

ასევე, "რეკორდმაისტერმა" ფინალში გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგის 500-იანთა კლუბში შეაღწია. ტურნირის ისტორიაში 567 ბურთი მადრიდის "რეალმა" გაიტანა, ხოლო 517 - "ბარსელონამ".

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალში მეთერთმეტედ ითამაშა და ტიტული მეექვსედ მოიპოვა - 1973-74; 1974-75; 1975-76; 2000-2001; 2012-13 და 2019-20. "რეკორდმაისტერი" ამ შედეგით "ლივერპულს" გაუთანაბრდა, "მილანს" 7 ტიტული აქვს აქტივში, "რეალს" - 13.

უეფა-მ ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კინგსლი კომანი დაასახელა. 2002 წლის შემდეგ კომანი პირველი ფრანგია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა. მაშინ ეს "ლევერკუზენის" წინააღმდეგ ზინედინ ზიდანმა გააკეთა. 

კომანი მე-9 ფრანგია, რომელმაც ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში გოლი გაიტანა: მიშელ იდალგო, მიშელ ლებლონი, ჟან ტემპლინი (1956 წ.); ასევე მიშელ პლატინი (1985); ბაზილ ბოლი (1993); მარსელ დესაი (1994); ზინედინ ზიდანი (2002) და კარიმ ბენზემა (2018).

გერმანელებმა უეფა-ს სუპერ თასზე თამაში გაინაღდეს. 24 სექტემბერს, ბუდაპეშტში "ბაიერნის" მეტოქე ევროპა ლიგის გამარჯვებული "სევილია" იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები