ტუხელის პრესკონფერენცია:
Aa
Aa

ტუხელის პრესკონფერენცია: "მათ გამოცდილებით უპირატესობა აქვთ, მაგრამ ეს გადამწყვეტი არაა"

ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების სეზონის გათამაშების გამარჯვებული დღეს გამოვლინდება. პსჟ ამ ტურნირის პირველად მოგებას უმიზნებს, „ბაიერნი“ კი მე-6 ტიტულის მოლოდინშია.

პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ფინალური შეხვედრის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

„მარკო ვერატიმაც და იდრისა გეიემაც „ლაიფციგთან“ მატჩის მეორე დღეს გუნდთან ერთად, ყოველგვარი გართულებების გარეშე ივარჯიშეს. ისინი მოედანზე სრულად დავტვირთე, ასე რომ, ამ თამაშისთვის ორივე მზადყოფნაშია. რაც შეეხება კეილორ ნავასს, მასთან დაკავშირებით სხვა ვითარებაა. ითამაშებს თუ არა ფინალში, უახლოეს საათებში გადაწყდება.

„ბაიერნს“ გამოცდილების თვალსაზრისით უპირატესობა აქვს, მაგრამ ეს გადამწყვეტი არაა. კეილორს 1/2 ფინალის წინ ამ საკითხზე ბევრი ვესაუბრე, რადგან ჩვენს კლუბში ერთ-ერთია, ვისაც ეს ტურნირი მოგებული აქვს. ასეთები ასევე ანხელ დი მარიასა და ნეიმარის სახითაც გვყავს.

ჰანსი ფლიკთან ერთად მიუნხენელებს უნიკალური და არაჩვეულებრივი სვლა აქვთ. მათ ახალგაზრდა, ტიტულებზე დაგეშილი ფეხბურთელების ბრწყინვალე ნაზავი ჰყავთ, თითოეულს სურს, რომ კლუბის ისტორიაში თავისი კვალი დატოვოს. ასევე ჰყავთ გამოცდილი მოთამაშეებიც, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება უნდათ“.

პსჟ ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს, აქამდე მისთვის საუკეთესო შედეგი 1995 წელს 1/2 ფინალში ასპარეზობა იყო. „სენ ჟერმენი“ ტურნირის ისტორიაში 41-ე გუნდია, რომელიც ფინალურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

ხაზგასასმელია, რომ თუკი პსჟ ტიტულს მოიგებს, ის „ტრებლს“ შეასრულებს, რაც ერთ სეზონში ქვეყნის ჩემპიონატთან და თასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის მოგებას გულისხმობს. ასეთი რამ ევროპულ ფეხბურთში დღემდე მხოლოდ 7 გუნდს აქვს გაკეთებული - „სელტიკს“ (1966-67); „აიაქსს“ (1971-72); პსვ-ს (1987-88); „მანჩესტერ იუნაიტედს“ (1998-99); „ბარსელონასა“ (2008-09 და 2014-15) და „ინტერს“ (2009-10).

პსჟ-სა და „ბაიერნის“ ფინალური მატჩი ლისაბონის „და ლუჟის“ არენაზე თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება. თამაშს იტალიელი დანიელე ორსატო განსჯის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები