დავით ბობოხიძე:“გადამწყვეტი მატჩის წინ დარწმუნებული ვიყავით გამარჯვებაში“
Aa
Aa

დავით ბობოხიძე:“გადამწყვეტი მატჩის წინ დარწმუნებული ვიყავით გამარჯვებაში“

თსუ-ს ფუტსალის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის დრამატული ფინალი მოქმედ ჩემპიონს „თელასი ჯორჯიანს“ საერთო ანგარიშით 2:1 მოუგო და საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა.

თსუ-მ შარშან საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი ჩაატარა - საქართველოს თასის გათამაშება მოიგო და ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

გუნდმა სეზონის შემდეგ სხვადასხვა მიზეზით 12 მოთამაშე გაუშვა და თითქოს საჩემპიონო გუნდის ჩამოყალიბების პერსპექტივაც ბუნდოვანი გახდა, მაგრამ ეტაპობრივად თსუ-მ მოთამაშეების დამატება და გაძლიერება მოახერხა, პანდემიის გამო შეწყვეტილი ჩემპიონატის შემდეგ კი საკმაოდ შედეგიანად ათამაშდა საბოლოოდ სეზონი ჩემპიონობით დახურა.

ჩემპიონობის შემდეგ გთავაზობთ თსუ-ს მთავარი მწვრთნელის დავით ბობოხიძის ინტერვიუს.

 წინა სეზონში კარგად ვითამაშეთ და თასთან ერთად ბრინჯაოს მედლებიც მოვიპოვეთ, მაგრამ სამწუხაროდ 12 მოთამაშემ დაგვტოვა და ახალი სეზონის დაწყების შემდეგ მაქსიმუმი რასაც ვგეგმავდით ეს იყო პლეი ოფი, თუმცა ჯერ ფეხბურთელების დამატება მოვახერხეთ და შემდეგ გუნდმა შეთამაშება და შეკვრაც მოახერხა, რამაც საბოლოო ჯამში ჩემპიონობამდე მიგვიყვანა.

 პანდემიის გამო ჩემპიონატი გაჩერდა და ნორმალურად ვარჯიშსაც ვერ ახერხებდით. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გუნდი პლეი ოფის სერიას მაინც საკმაოდ კარგი კონდიციებით შეხვდა. როგორ მოახერხეთ?

 როგორც კი გავიგეთ ჩემპიონატი განახლდებოდა ფიზიკური ვარჯიში დავიწყეთ. დღეში ორჯერ იპოდრომზე დავრბოდით და შემდეგ როცა დარბაზში შევედით სავარჯიშოდ ეს პროცესი არ შეგვიწყვეტია, ამან დიდი როლი ითამაშა, გუნდი გადამწყვეტ მატჩებს მომზადებული შეხვდა, ფიზიკურად ცუდად ნამდვილად არ ვიყავით. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს - პლეი ოფის 5 მატჩიდან გოლები თითქმის სულ სტანდარტულებიდან გავუშვით, თუ არ ჩავთვლით ფინალური სერიის მეორე შეხვედრას. იმის თქმა მინდა რომ დაცვამ კარგად ითამაშა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად კარგი ფიზიკური მომზადების დამსახურებაც გახლდათ.

 მოქმედ ჩემპიონს ეთამაშებოდით, რომელიც ნაკრების ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. რა გეგმა დაუსახეთ გუნდს, როგორ უნდა დაგემარცხებინათ საკმაოდ ძლიერი მეტოქე?

 პირველი ოთხეული ძალიან ძლიერი ჰყავთ. როგორც აღნიშნეთ ეს ბიჭები ნაკრების მოთამაშეები არიან და წლებია ერთად თამაშობენ. ჩვენი მიზანი მათთვის პრესინგის თამაში და სივრცეების მაქსიმალურად შეზღუდვა, ასევე მუდმივად შემადგენლობის როტაცია იყო, რათა მათთვის ამოსუნთქვის საშუალება არ მიგვეცა. ეს ხალხი შეცდომას არ გპატიობს, ამიტომ ყურადღებით თამაში გვჭირდებოდა. ისიც ვიცოდით რომ სტანდარტულებს კარგად იყენებენ და ამასთან როცა 5/4 რჩებიან უპირატესობა ხშირად მათთვის სასურველი სცენარით მთავრდება - მეტი მოთამაშის გამოყენება კარგად გამოსდით. ამისთვისაც მზად ვიყავით, თუმცა ბოლო მატჩში, როდესაც თელასი გვიტევდა და მოედანზე მეტი მოთამაშით იყო თავის დაცვა იოლი მართლა არ ყოფილა, მაგრამ ბიჭებმა მოედანზე მართლა ყველაფერი დადეს, ბედნიერი ვარ რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.

 მესამე გადამწყვეტ მატჩში მოედანზე გასვლა მოგიხდა. ეს შენთვის ბოლო შეხვედრა იყო პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში თუ კიდევ აპირებ თამაშს?

 სიმართლე გითხრათ აღარ ვაპირებდი მოედანზე შესვლას. ბიჭებმა ჯერ კიდევ მეორე შეხვედრაში მთხოვეს მოედანზე შევსულიყავი, მაშინ თავი შევიკავე, მაგრამ შემდეგ ჭოხონელიძე გამოგვაკლდა და იძულებული გავხდი მეთამაშა, ისიც არის რომ ბიჭების თხოვნაც გავითვალისწინე. მომავალში არ ვიცი რას ვიზამ, თუმცა მინდა ფორმაში ვიყო და თუ გუნდს დასჭირდება მოედანზე შევიდე. 

2 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართება და მეტოქეთა ვინაობას შეიტყობთ. რა გეგმები გაქვთ?

 გაძლიერება დაგვჭირდება. ალბათ, 2 ან 3 მოთამაშეს დავიმატებთ, თუმცა ეს მას მერე რაც მეტოქეთა ვინაობას გავიგებთ და გვეცოდინება როგორი სტილის მეტოქესთან გვაქვს საქმე. საერთაშორისო სარბიელზე კონკურენცია ბევრად დიდია და სავარაუდოდ ამ გათმაშებას გამოცდილების მისაღებად გამოვიყენებთ. ბოლოს მინდა რომ ბიჭებს, გუნდის თითოეულ წევრს და ხელმძღვანელობას დიდი მადლობა გადავუხადო - მათი დახმარების და შრომის გარეშე ჩემპიონობა არ გამოვიდოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები