Aa
Aa

ყველა დროის ახალი რეკორდი - ბაიერნი ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე შემოსავლიანია

მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში მიღებული შემოსავლით ყველა დროის რეკორდი დაამყარა. იმის მიუხედავად, რომ ფინალი ჯერ გასამართია, ბავარიელებმა „ბარსელონას“ მიერ 2019 წელს დამყარებულ შედეგი უკვე გააუმჯობესეს.

2018-19 წლების სეზონში „ბარსამ“ შემოსავლის სახით 117.73 მილიონი ევრო მიიღო, „რეკორდმაისტერის“ წლევანდელი შემოსავალი კი მინიმუმ 123 მილიონი ევრო იქნება.

გუნდს ეს თანხა ფინალში მონაწილეობით აქვს განაღდებული, ხოლო თუ თასსაც მოიპოვებს, მაშინ დამატებით 7.5 მილიონ ევროს მიიღებს და ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში მისი შემოსავალი 130.5 მილიონ ევროს გაუტოლდება.

გერმანულმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის 15.25 მილიონი ევრო დაიმსახურა, იქ ყველა მატჩის მოგებისთვის - 16.2 მილიონი, 1/8 ფინალში ასპარეზობისთვის - 9.5 მილიონი, 1/4 ფინალში გასვლისთვის - 10.5 მილიონი, ნახევარფინალში მონაწილეობისთვის - 12 მილიონი, ხოლო ფინალის საგზურის მოპოვებისთვის - 15 მილიონი. როგორც ვთქვით, ფინალში გამარჯვებული ჯამში 7.5 მილიონ ევროს მიიღებს, რომლიდანაც 4 მილიონი თასის მოგებისთვისაა, დანარჩენი 3.5 მილიონი კი - უეფა-ს სუპერ თასის საგზურის განაღდებისთვის.

აღნიშნულ თანხებს უეფა-ს კოეფიციენტების შესაბამისად კონკრეტული კლუბისთვის გამოყოფილი წარმატების პრემია და სატელევიზიო ტრანსლაციებით მიღებული შემოსავალიც ემატება. გერმანული Kicker-ის ცნობით, ბავარიელები სატელევიზიო მაუწყებლებისგან 11.5 მილიონ ევროს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები