Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის ფინალს დანიელე ორსატო იმსაჯებს

უეფა-მ 2019-20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მსაჯთა ბრიგადა დაასახელა.

პსჟ-სა და „ბაიერნის“ სატიტულო შეხვედრას გამოცდილი იტალიელი დანიელე ორსატო განსჯის. მისი ასისტენტები ლორენცო მანგანელი და ალესანდრო ჯიალატინი იქნებიან, ხოლო მეოთხე სათადარიგო რეფერის ფუნქციას რუმინელი ოვიდიუ ჰაცეგანი შეასრულებს.

VAR-ის ჯიხურში მთავარი კაცი ასევე იტალიელი მასიმილიანო ირატი იქნება, მას თანამემამულე მარკო გუიდა და ესპანელები - რობერტო დიას პერესი და ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი დაეხმარებიან.

დანიელე ორსატო 2010 წლიდან ფიფა-ს კატეგორიის მსაჯია და უკვე წლებია უეფა-ში ერთ-ერთ გამორჩეულ არბიტრად ითვლება. იგი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე VAR-ის მსაჯად მუშაობდა.

პსჟ-სა და „ბაიერნის“ ფინალური დაპირისპირება კვირას, 23 აგვისტოს, ლისაბონის „და ლუჟის“ არენაზე, თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები