Aa
Aa

ანჩელოტიმ მიზანს მიაღწია - ალანი ევერტონს შეუთანხმდა

ლივერპულის „ევერტონი“ „ნაპოლიდან“ ალანის დამატების შესახებ უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოაცხადებს.

Corriere dello Sport-ისა და ნეაპოლური Il Matino-ს ცნობით, ბრაზილიელმა საყრდენმა ყველა შეთავაზება დაბლოკა, რათა ყოფილ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის გუნდში ითამაშოს.

29 წლის შუახაზელის სამსახურით მადრიდის „ატლეტიკო“ და „დორტმუნდი“ ინტერესდებოდნენ, თუმცა ყველას აჯობა „ევერტონმა“, რომელიც ტრანსფერის დახურვისთანავე „ნაპოლის“ ანგარიშზე 30 მილიონ ევროს ჩარიცხავს.

გარდა ამისა, ნეაპოლიტანელები მიიღებენ დაახლოებით 5 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსსაც, რომელსაც ინგლისელები პერიოდულად დაფარავენ.

„ნაპოლი“ ალანის გაყიდვაზე რამდენიმე წელია ფიქრობდა, მაგრამ პსჟ-სგან და სხვა კლუბებისგან სასურველი შეთავაზება ვერ მიიღო. „პარტენოპეი“ 2018 წელს ფეხბურთელის ტრანსფერში 70 მილიონ ევროს ითხოვდა, წელს კი თავდაპირველ ღირებულებად 50 მილიონი ევრო დაადო, ბოლოს კი 40 მილიონ ევროდ აფასებდა.

ალანი სერია A-ში 2012 წლიდან თამაშობს, 3 სეზონით იგი „უდინეზეში“ გამოდიოდა, 2015 წლიდან კი უკვე „ნაპოლის“ მაისურით ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები