Aa
Aa

ლიონი VS ბაიერნი - მატჩის შემდეგ

მიუნხენის „ბაიერნი“ 7-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. „რეკორდმაისტერმა“ 1/2 ფინალურ შეხვედრაში „ლიონს“ გნაბრის დუბლითა და ლევანდოვსკის გოლით 3:0 მოუგო.

გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, რუდი გარსიამ და ჰანს-დიტერ ფლიკმა თამაში მედიის წარმომადგენლებთან შეაფასეს.

რუდი გარსია: „შეიძლებოდა, ანგარიშში ჩვენ დავწინაურებულიყავით, მაგრამ ეს მათ გნაბრის ინდივიდუალური ბრწყინვალების დახმარებით გააკეთეს. ამის გამო უსამართლობის განცდა გვქონდა, რაც ჩვენს ხასიათზე აისახა მეორე ნახევარშიც, როცა მეტოქეს არაფერი დავუთმეთ.

მეორე ტაიმში ბურთი მოვიპოვეთ და უკეთესი თამაში ვაჩვენეთ. კარლ ტოკო ეკამბის ანგარიში 2:1 უნდა გაეხადა, მაგრამ ნოიერმა გუნდი გადაარჩინა. ვფიქრობ, „ბაიერნი“ მშვიდად არც ერთი წამით არ ყოფილა და ისინი ბედნიერები არიან, რომ ჩვენ დაგვამარცხეს.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენი მთელი სეზონითა და დღეს ნაჩვენები თამაშით ვამაყობთ, იმედგაცრუების შეგრძნებას ვერსად გავექცევით. თამაშის დასაწყისში არ გაგვიმართლა, რადგან ორი დიდებული საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ“.

ლიონელებმა კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე 1/2 ფინალში მეორედ ითამაშეს და ისევ „ბაიერნთან“ დამარცხდნენ. ზოგადად კი, ტურნირის ისტორიაში „ლიონს“ ამ სტადიაზე 5-ჯერ აქვს წაგებული და ფინალში არასდროს გასულა.

ჰანს-დიტერ ფლიკი: „მათ „იუვენტუსთან“ და „სიტისთან“ შესანიშნავი თამაში აჩვენეს და ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა. ტაქტიკურად ძალიან ძლიერი გუნდია და საწყის წუთებში პრობლემებიც შეგვიქმნეს. კარგად გვესმოდა, რომ დაცვაში ეფექტურად უნდა გვეთამაშა და ისიც არაერთხელ ითქვა, რომ მათთვის ბურთი იოლად არ უნდა დაგვეთმო, მაგრამ ამ მხრივ შეცდომები მაინც დავუშვით.

პირველი გოლი ფანტასტიკური გამოვიდა. იმ მომენტში ნათლად გამოჩნდა ის განვითარება, რაც გნაბრიმ ბოლო წლებში განიცადა, ახლა შეგიძლია თქვა, რომ იგი მსოფლიო დონის ფეხბურთელობასთან ახლოსაა. ბედნიერები ვართ იმით, რომ მან ორი გოლი შეაგდო და იმითაც, რომ ჩვენს გუნდში თამაშობს.

პსჟ დიდი გუნდია და ფინალამდე ბრძოლით გააღწია. მათ სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ეს ყველაფერი არაა და სხვა ასპექტების გასანაალიზებლად რამდენიმე დღე გვაქვს. ვეცდებით, ჩვენი დაცვა უფრო ორგანიზებული იყოს, თუმცა ამჟამინდელი „ბაიერნის“ უდიდესი ძალა მეტოქის წნეხში მოქცევაა“.

„ბაიერნი“ მხოლოდ მე-4 გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში 40-ზე მეტი გოლი გაიტანა. თანაც, ფლიკის ბიჭებს ერთმატჩიანი მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის ჩატარება მოუწიათ, მათ აქტივში ამ მომენტში 42 შედეგიანი დარტყმაა.

რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე გათამაშებაზე 15 გოლი მოაგროვა და კრიშტიანუ რონალდუს რეკორდამდე 2 ბურთი აშორებს. ასევე, პოლონელს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 9 მატჩში აქვს გატანილი და იმავე რონალდუს კიდევ ერთ რეკორდს 2 თამაშით ჩამორჩება.

რაც შეეხება სერჟ გნაბრის, ტომას მიულერის შემდეგ იგი მეორე გერმანელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში დუბლი შეასრულა. ახალგაზრდა გარემარბს მიმდინარე ტურნირზე 9 გოლი აქვს გატანილი. გერმანელ ფეხბურთელთაგან ლიგის ერთ სეზონში ამაზე მეტი ბურთი შეაგდო მხოლოდ მარიო გომესმა, რომელმაც 2011-12 წლების გათამაშება 12 შედეგიანი დარტყმით დაასრულა.

1976 წლის შემდეგ პირველად ამ ტურნირზე ფრანგულ-გერმანული ფინალი შედგება. „ბაიერნმა“ მაშინ „სენტ ეტიენი“ დაამარცხა ამჯერად კი პსჟ-სთან დაპირისპირება მოუწევს. ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 23 აგვისტოს, ლისაბონის „და ლუჟის“ სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები