ისტორია განმეორდა: დინამო ჩემპიონთა ლიგაზე ტირანასთან დამარცხდა
Aa
Aa

ისტორია განმეორდა: დინამო ჩემპიონთა ლიგაზე ტირანასთან დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''დინამო'' შინ ალბანურ ''ტირანასთან'' 0:2 დამარცხდა. დაპირისპირება ერთმატჩიანია, საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

2003 წელს ივო შუშაკის თბილისის ''დინამო'' პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ ''ტირანას'' შეხვდა და ძალიან დრამატულ ორმატჩიან დაპირისპირებაში დამარცხდა. ისტორია განმეორდა, თბილისის ''დინამოსთვის'' ალბანური კლუბი კვლავ დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა.

თბილისის ''დინამო'' 35-ე წუთზე გოლის გატანასთან ახლოს იყო, ბურღიძის შესრულებულ კუთხურს ბენიოს თავური დარტყმა მოჰყვა, 27 წლის ტოგოელმა ცენტრალურმა მცველმა ოდნავ არაზუსტად დაარტყა. მეკარემ რეაგირება ვერ მოასწრო. სიზუსტის შემთხვევაში მეკარე მოგერიებას ვერ მოახერხებდა.

მე-40 წუთზე პაპავამ ''დინამოს'' საჯარიმოსთან ახლოს თამაშის წესი დაარღვია, სტუმართა კაპიტანმა იდრის ბატამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მან კარისკენ ძლიერად დაარტყა, თუმცა სიზუსტე ოდნავ დააკლდა.

პირველი ტაიმის მეოთხე დამატებულ წუთზე ''ტირანამ'' ანგარიში გახსნა. თბილისის ''დინამოს'' ორივე ცენტრალური მცველი შეცდა, ჯერ ბურთი ბენიომ მოიგერია არაზუსტად, შემდეგ კი ლუკა ლოჩოშვილი ძალიან მარტივ ვითარებაში თავით თამაშისას შეცდა და არგენტინელმა აგუსტინ ტორასამ ახლო მანძილიდან შეაგდო.

გაშვებული გოლის მიუხედავად შესვენების შემდეგ თბილისის ''დინამო'' ძალიან ინერტული იყო, ბურთის ფლობის მიუხედავად კახა ჩხეტიანის გუნდის ფეხბურთელები შეტევებს ვერ ამწვავებდნენ და საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდნენ.

თბილისის ''დინამო'' შეტევების განვითარებას ცდილობდა, თუმცა არ გამოდიოდა. კახა ჩხეტიანის გუნდის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს, საქართველოს ჩემპიონის ფეხბურთელებმა ძალიან სუსტი თამაში აჩვენეს და მატჩის მიწურულს. 86-ე წუთზე მეორე გოლი გაუშვეს. სტუმართა მხრიდან მეორე გოლი მარსელ ისმაილგეცის ანგარიშზეა.

ორი გაშვებული გოლის შემდეგ თბილისის ''დინამო'' შეტევაში გააქტიურდა, თუმცა თბილისური კლუბისთვის გოლის გატანა შეუსრულებელ ამოცანად დარჩა.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''ტირანა'' სერბეთის ჩემპიონ ''ცრვენა ზვეზდას'' შეხვდება.

ფოტო: Eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები