ფუტსალის ლიგა - თსუ საქართველოს ჩემპიონია
Aa
Aa

ფუტსალის ლიგა - თსუ საქართველოს ჩემპიონია

თსუ-ს ფუტსალის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი 3:2 მოუგო „თელასი ჯორჯიანს“ და საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა.

მთლიანად სერია გამოდგა დაძაბული და უკომპრომისო, გამარჯვებულის ბედი სამივე მატჩში ურთულესი დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა.

პირველ მატჩში გამარჯვების შემდეგ, მეორე დაპირისპირება თელასელებმა პელანტების სერიაში მოიგეს, თუმცა მანამდე თსუ-მ ანგარიშის გათანაბრება და მატჩში დაბრუნება სამჯერ მოახერხა.

საბოლოოდ ოქროს მედლების ბედი მესამე, გადამწყვეტმა მატჩმა გამოავლინა. აქაც დამატებითი დრო გახდა საჭირო, უფრო ზუსტები კი თსუ-ს მოთამაშეები აღმოჩნდნენ.

წინა მატჩისგან განსხვავებით ამჯერად თსუ დაწინაურდა, თანაც ორჯერ, მაგრამ გამოცდილმა თელასელებმა, ვინც ფინალურ სერიას მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდნენ ორივეჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და დამატებითი დროის ბოლო წუთებზე ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ მიზანმა უმტყუნათ და ჩემპიონის თასი თსუ-მ ჩაიბარა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი თსუ-ელ ლევან კობაიძეს გადაეცა, ვინაც მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და ბოლო წუთებზე გუნდს დაცვაში კარგი თამაშით დიდი სამსახური გაუწია.

ამრიგად, თსუ საქართველოს ფუტსალის ლიგის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელია. შესაბამისად, საქართველოს სახელით ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ თსუ ითამაშებს და გულშემატკივრის გახარებას საერთაშორისო სარბიელზე მოპოვებული წარმატებითაც შეეცდება.

გიორგი ჩიმაკაძე, თსუ: „სამივე თამაშში მართლა ყველაფერი გავაკეთეთ ამ შედეგის მისაღწევად. ვფიქრობ, რომ ჩემპიონობა ნამდვილად დავიმსახურეთ. თელასი შარშანდელი ჩემპიონია და ძალიან ძლიერი გუნდია, შესაბამისად რთული შეხვედრები გვქონდა. გახარებულები ვართ, რომ ქვეყნის საუკეთესო გუნდი გავხდით. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ამისთვის მომზადებას მალევე დავიწყებთ და შევეცდებით ჩვენი ქვეყანა ვასახელოთ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები