Aa
Aa

ატლეტიკო ევერტონს ალანის ტრანსფერში შეეცილება

მადრიდის „ატლეტიკო“ ლივერპულის „ევერტონს“ 29 წლის ბრაზილიელ საყრდენ ალანის ტრანსფერში შეეცილება. Marca-ს ცნობით, „როხიბლანკომ“ ტრანსფერისთვის 40 მილიონი ევრო გამოყო.

ნეაპოლური გაზეთის, Il Mattino-ს მტკიცებით, „ნაპოლიმ“ „ევერტონს“ ალანის სანაცვლოდ შეთავაზებული 38-მილიონიანი წინადადება დაუბლოკა. თანაც, ლივერპულელები ხსენებულ თანხას გარკვეული ოდენობის ბონუსებსაც ამატებდნენ.

სავარაუდოდ, იტალიურ გუნდს არც „ატლეტიკოს“ მიერ გამზადებული 40 მილიონი ევრო მოხიბლავს, რადგან თავისი შუახაზელის გასხვისებას დაახლოებით 50 მილიონ ევროდ გეგმავს.

მადრიდელები ნეაპოლიტანელებთან დაკავშირებას უახლოეს დღეებში აპირებენ. თავის მხრივ, „ნაპოლი“ გადაწყვეტილების მიღებას არ იჩქარებს, რადგან „ევერტონისგან“ ახალ წინადადებას ელოდება.

ალანს „პარტენოპეისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს. ფეხბურთელი ბოლოდროინდელი ამბებით მთლად კმაყოფილი არაა, რადგან მას ჯენარო გატუზო სტაბილურად ძირითადში აღარ ათამაშებს.

არადა, სარისა და ანჩელოტის პერიოდებში ალანი სამხრეთელთა ერთ-ერთი ლიდერი იყო. „ევერტონმა“ მისი გადაბირება სწორედ კარლო ანჩელოტის ინიციატივით მოინდომა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები