Aa
Aa

პორტუგალიური პრესა: კავანი ბენფიკაში გადასვლას დათანხმდა

პორტუგალიური გამოცემების ინფორმაციით, ედინსონ კავანი „ბენფიკას“ პირობებს დათანხმდა და ლისაბონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

თავად კავანიმ, რომელიც გუშინ საღამოს მონტევიდეოდან ევროპაში გაემგზავრა, „არწივებთან“ მოლაპარაკებების მიმდინარეობა დაადასტურა, საბოლოო შეთანხმება კი - არა: „ჩვენ „ბენფიკასთან“ ვისაუბრეთ, იყო შეხვედრებიც, მაგრამ ასეთივე შეხვედრები სხვა კლუბებთანაც გაიმართა. ამიტომ, გადაწყვეტილი არაფერია და არც არაფრის თქმა შემიძლია. როცა შეთანხმება შედგება, ამის შესახებ თქვენც გაიგებთ“.

შეთანხმება უარყო 33 წლის ფორვარდის აგენტმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს, მაგრამ ტრანსფერი დახურვასთან ჯერ ახლოს არაა.

ამ კომენტარების მიუხედავად, პორტუგალიური გამოცემები: A Bola, Record-ი და O Jogo ამტკიცებენ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება უკვე არსებობს. O Jogo გვამცნობს, რომ ლისაბონელთა წარმომადგენლები კავანის დღეს პარიზში შეხვდებიან და დღესვე ან ხვალ უკვე ურუგვაელთან ერთად ლისაბონში კონტრაქტის გასაფორმებლად ჩაფრინდებიან.

როგორც პორტუგალიური პრესა გასულ კვირას იტყობინებოდა, ტრანსფერის გაოფიციალურებისთანავე კავანი „ბენფიკასგან“ 8 მილიონ ევროს მიიღებს, მხარეებს შორის კი 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 2.5 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ლისაბონურმა გრანდმა ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილი მცველი, იან ვერტონგენი და „გრემიოს“ ყოფილი შემტევი ევერტონ სოარეში უკვე დაიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები