Aa
Aa

156-ე პოდიუმი! - ჰემილტონმა შუმახერი ჩააჩოჩა და ყველა დროის რეკორდი გააუმჯობესა

ფორმულა 1-ის 2020 წლის სეზონში ლუის ჰემილტონის დომინაცია გრძელდება. მიმდინარე წელს გამართული 6 რბოლიდან ინგლისელმა მეოთხე მათგანი მოიგო.

ჰემილტონმა ინგლისის გრან-პრის ტრიუმფატორ მაქს ფერსტაპენს აჯობა და ესპანეთის გრან-პრის ჩემპიონობა დამაჯერებლად მოიპოვა. აღნიშნულ გრან-პრიზე ჰემილტონმა ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა.

„მერსედესის“ პილოტმა ფერსტაპენს კონკურენციის გაწევის საშუალება არ მისცა და ყველა ასპექტში დაჯაბნა, მე-3 ადგილზე ლუისის თანაგუნდელი, ვალტერი ბოტასი გავიდა.

სეზონის საერთო ჩათვლაში ჰემილტონს 132 ქულა აქვს და მეორეადგილოსან იმავე ფერსტაპენს 37 ქულით უსწრებს. 89 ქულით, ბოტასი აქაც მესამეა. რაც შეეხება კონსტრუქტორთა დავას, მასში „მერსედესი“ დიდი სხვაობით ლიდერობს. გერმანულ საჯინიბოს 221 ქულა აქვს, რაც მეორეადგილოსან „რედ ბულის“ მაჩვენებელზე 86 ქულით მეტია.

ლუის ჰემილტონი პროფესიონალურ კარიერაში პოდიუმზე 156-ედ ავიდა, რაც ფორმულა 1-ის ახალი რეკორდია. ასევე, ლუისმა 88-ე რბოლა მოიგო და მიხაელ შუმახერის ყველა დროის რეკორდამდე მხოლოდ 3 გამარჯვება აშორებს.

გუშინდელი დღის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა კიმი რაიკონენს უკავშირდება. ფინელმა მრბოლელმა ფორმულა 1-ის ყველა დროის რეკორდი დაამყარა. რაიკონენს ტრასებზე ყველაზე დიდი მანძილი აქვს დაფარული. აქამდე რეკორდი ფერნანდო ალონსოს ეკუთვნოდა, რომელმაც 83 266 კმ. გაიარა, რაიკონენმა კი გუშინ ეს მაჩვენებელი 83 978-მდე გააუმჯობესა. მოგეხსენებათ, 2021 წლიდან ალონსო დიდ სპორტში ბრუნდება და ტრასაზე "რენოს" მრბოლელის რანგში გავა.

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის რიგით მეშვიდე გრან-პრის, 28-დან 30 აგვისტოს ჩათვლით, ბელგია უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები