ნინუა: ''მინდა პირლოსავით ვითამაშო და ტიტულები მოვიგო''
Aa
Aa

ნინუა: ''მინდა პირლოსავით ვითამაშო და ტიტულები მოვიგო''

მიმდინარე კვირაში საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონმა თბილისის ''დინამოდან'' ნიკა ნინუას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 21 წლის ქართველი ნახევარმცველი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს პირველად ესაუბრა. ეს მისი პირველი კომენტარია ბერძნულ კლუბში გადასვლის შემდეგ.

''მე ვარ ნიკა ნინუა საქართველოდან. ჩემი პოზიციაა ცენტრალური ნახევარმცველი. მომწონს ტექნიკური, გამართული და სწრაფი ფეხბურთი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია პირლო. ძალიან მინდა მასსავით დიდი ფეხბურთი ვითამაშო.

ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ამ გუნდში გადასვლა და თამაში. მინდა პაოკ-თან ერთად ბევრი ტიტული მოვიპოვო. მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

ჩემი აზრით ადაპტაციისთვის რამდენიმე კვირა დამჭირდება''.

21 წლის ნახევარმცველი 2016 წლიდან თბილისური კლუბის ღირსებას იცავდა. 2018 წელს ''დინამოს'' სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. საერთო ჯამში ევროტურნირებზე ''დინამოს'' მაისურით 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. მას ეროვნულ გუნდში არასდროს უთამაშია, თუმცა ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობის გამოცდილება აქვს.

გასულ თვეში პაოკ-ის სპორტულ დირექტორად გერმანელი ოლაფ რებე დაინიშნა. პერსონალურად მას სურდა ნინუასთან კონტრაქტის გაფორმება. ოლაფ რებემ ნინუას შესახებ მთავარ მწვრთნელ აბელ ფერეირასთან ისაუბრა და პორტუგალიელი სპეციალისტისგან დადებითი პასუხი მიიღო. ისინი ქართველ ნახევარმცველში დიდ ტალანტს ხედავენ და მასთან მუშაობის დიდი სურვილი აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები