Aa
Aa

ლილმა ევერტონს უარი უთხრა - გაბრიელი ნაპოლიში ითამაშებს?

Sky Sport Italia-ს გავლენიანი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ლილმა“ გაბრიელ მაგალიაეშის ტრანსფერზე „ევერტონს“ უარი უთხრა.

ლივერპულელებმა ფრანგებს თავიანთი ნიჭიერი უკანახაზელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღო, რისი მიზეზიც „ნაპოლისთან“ მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებაა.

დი მარციო გვამცნობს, რომ თუკი ნეაპოლელები კალიდუ კულიბალის გაყიდიან, მის შემცვლელად „სტადიო სან პაოლოზე“ სწორედ 22 წლის ბრაზილიელს გადაიყვანენ. კულიბალისთვის ბრძოლაში უპირატესობა აქვს „სიტის“, რომელიც „ნაპოლის“ უკვე დაუკავშირდა და 57 მილიონი ევროც შესთავაზა.

მართალია, „ქალაქელებმა“ ამ წინადადებაზე უარი მიიღეს, მაგრამ, სავარაუდოდ, მოლაპარაკებები გაგრძელდება და ვინ იცის, სენეგალელი მცველის „ეტიჰედ სთედიუმზე“ გადასვლითაც დასრულდეს. კულიბალის კიდევ ერთი მსურველი „სიტის“ თანაქალაქელი „იუნაიტედია“.

რაც შეეხება გაბრიელ მაგალიაეშს, მან „ლილის“ მაისურით გასულ სეზონში 24 შეხვედრა გამართა და 1 გოლი გაიტანა. კლუბმა იგი 2017 წელს 3 მილიონ ევროდ შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები