Aa
Aa

ბენფიკამ ევერტონის ტრანსფერი დახურა - ვერტონგენიც ერთ ნაბიჯშია...

ლისაბონის „ბენფიკა“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს და უახლოეს პერიოდში ორ ფეხბურთელს გაიფორმებს.

ბრაზილიელი შემტევი ევერტონ სოარეში ლისაბონის აეროპორტში დღეს დილით ჩავიდა. იგი უახლოეს საათებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „ბენფიკასთან“ შრომით ხელშეკრულებასაც გააფორმებს. პორტუგალიურ გრანდს მისი „გრემიოდან“ გამოსყიდვა დაახლოებით 25 მილიონი ევრო დაუჯდა.

რაც შეეხება „არწივების“ მეორე პოტენციურ ტრანსფერს, ის ვეტერან ბელგიელ მცველ იან ვერტონგენის სახელს უკავშირდება. როგორც ირკვევა, ლისაბონელებმა ფეხბურთელთან ყველა მნიშვნელოვან დეტალზე მოილაპარაკეს და საკითხს მხოლოდ ოფიციალურად დამოწმება აკლია. ბელგიური გამოცემა HLN-ის ინფორმაციით, ვერტონგენი ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ტანმაღალი ბელგიელი „ტოტენჰემის“ რიგებში 2012 წლიდან თამაშობდა და სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ „ბენფიკას“ წარმომადგენლები უკვე კვირებია მოლაპარაკებებს ედინსონ კავანისთან მართავენ. მხარეებს შორის საუბარი უწყვეტად მიმდინარეობს და საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ 33 წლის ურუგვაელმა კარიერა პრიმეირა ლიგაში გააგრძელოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები