Aa Aa
13 აგვისტო 2020  |  11:16

ჰარდენის კარიერაში მესამედ - "წვერას" სუპერთამაშმა ჰიუსტონს ვერ უშველა

ჯეიმს ჰარდენის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, „ჰიუსტონი“ გოგა ბითაძის „ინდიანასთან“ დამარცხდა და დასავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილისთვის ბრძოლაში საქმე გაირთულა.

მატჩის ოთხივე მეოთხედი შედარებით თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, საბოლოოდ კი „პეისერსმა“ 4-ქულიანი სხვაობით - 108:104 მოიგო. ჰარდენმა 45 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა და კარიერაში მესამედ ჩაატარა ისეთი მატჩი, რომელშიც მინიმუმ 45 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა. „წვერას“ სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა.

„ინდიანამ“ მეტოქეს გუნდური თამაშით აჯობა: მაილს ტერნერმა და ჯრუ ჰოლიდეიმ 18-18 ქულა ჩააგდეს, ედმონდ სამერის აქტივში 17 ქულა იყო, ხოლო დუგ მაკდერმოტმა და ვიქტორ ოლადიპომ 16-16 ქულა გააკეთეს.

რაც შეეხება გოგა ბითაძეს, მან პარკეტზე თითქმის 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა და 3 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

„ინდიანამ“ 44-ე გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილოსან „მაიამის“ გაუთანაბრდა, „ჰიუსტონსაც“ 44 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციის მეოთხე-მეხუთე ადგილებს „ოკლაჰომასთან“ იყოფს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები