Aa
Aa

ატალანტა VS პსჟ - მატჩის შემდეგ

ფრანგული პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში 1995 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს. პარიზელებმა ბერგამოს „ატალანტას“ ბოლო წუთებზე მარკინიოსისა და ჩუპო-მოტინგის გოლებით 2:1 აჯობეს. გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა მატჩი პრესკონფერენციისას შეაფასეს.

ტომას ტუხელი: „ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კლუბის ისტორიის ამ მომენტის ნაწილად ვიქეცით. ხალხი, რომელიც ვითარებას გარედან უყურებს, ვერ აანალიზებს, როგორი რთულია, ასეთ მიზანს მიაღწიო. ყველას ჰგონია, რომ კარგი გუნდითა და კარგი შემადგენლობით ამის გაკეთება ადვილია.

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იგივე მოხდა, რაც წინა ეტაპზე „დორტმუნდთან“ დაპირისპირებისას. ცუდი პირველი მატჩი ჩავატარეთ, მეორე შეხვედრას კი წინ ცუდი ამბები ერთვოდა, მაგრამ მიზნის მიღწევა გულშემატკივრის გარეშეც შევძელით.

დღევანდელი მატჩისთვის გუნდის მომზადება რთული იყო. ცოტა თამაში ჩავატარეთ და გუნდი საერთო რიტმისგან შორს გახლდათ, თუმცა უდიდესი შრომის, მონდომებისა, საქმისადმი სიყვარულისა და ენთუზიაზმის შედეგად ყველაფერი გამოვიდა. ჩემი აზრით, დამსახურებულად მოვიგეთ, მაგრამ როცა გოლი ასე გვიან გაგაქვს, ეს იღბალიცაა. მეორე მხრივ, მთელი შეხვედრის მიხედვით, გამარჯვებას ვიმსახურებდით. ასე რომ, 1/2 ფინალში აბსოლუტურად დამსახურებულად გავედით.

დღეს ჩვენი კლუბის 50 წლის იუბილეა და სასიხარულოა, რომ ასეთი ისტორიული მატჩი დაემთხვა. ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება“.

პარიზელები ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ოთხ გუნდში 25 წლის შემდეგ პირველად მოხვდნენ, რაც ამ ტურნირზე ყველაზე გრძელი პერიოდია. გასულ წელს რეკორდი „აიაქსმა“ დაამყარა, რომელიც 1/2 ფინალში 22-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა.

ჯან პიერო გასპერინი: „ყველაზე დასანანი ისაა, რომ ჩვენ 1/2 ფინალთან ასე ახლოს ვიყავით და გვქონდა შეგრძნება, რომ ამ უდიდესი წარმატების მიღწევა ნამდვილად შეგვეძლო. ჩავატარეთ ჩემპიონთა ლიგის შესანიშნავი სეზონი, რომელშიც ევროპის საუკეთესო გუნდებთან დაპირისპირება მოგვიწია. მადლობა ჩემს ბიჭებს იმისთვის, რაც გააკეთეს.

შეიძლებოდა გოლი უფრო ადრეც გაგვეშვა, რაც უკეთესი იქნებოდა, რადგან დამატებულ წუთებზე მიღებული ბურთით წაგება ბევრად მტკივნეულია. ჟოზე მოურინიო ამბობდა, რომ ჩემპიონთა ლიგა დეტალების ტურნირია, რადგან ასეთ დაბალანსებულ თამაშებში სხვაობას სწორედ დეტალები ქმნის.

ჩვენ კარგად ვიყავით მომზადებული სტანდარტული მდგომარეობებისთვის, რომელთა დროსაც ბერატ ჯიმშიტის ანგარიშის ორამდე გაზრდა შეეძლო, ასევე შეიძლებოდა, კონტრშეტევებზე უკეთესად წავსულიყავით. აი, საუბარი სწორედ ასეთ დეტალებზე მქონდა.

იმედგაცრუებულები ვართ, რადგან თითქმის უკვე ნახევარფინალში ვიყავით და ეს რაღაც ექსტრაორდინალური იქნებოდა, მაგრამ რასაც მივაღწიეთ, ესეც ნებისმიერ შემთხვევაში ექსტრაორდინალურია. შემდეგი სეზონისთვის გუნდის გაუმჯობესება გვსურს, ალბათ, შედეგის გაუმჯობესება მხედველობაში არ უნდა მივიღოთ, რადგან ეს ურთულესი იქნება, მაგრამ გუნდურად უნდა გავიზარდოთ და ახალ ეტაპზე გადავიდეთ. იტალიის ჩემპიონატშიც „სკუდეტოს“ მიზნად ვერასდროს დავისახავთ, მაგრამ უკეთესი გუნდი უნდა გავხდეთ და ვნახოთ, რა მოხდება“.

ჯან პიერო გასპერინის „ატალანტას“ ისტორიული სეზონი ჰქონდა. გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონი ჩაატარა და 1/4 ფინალამდე მივიდა, იტალიის ჩემპიონატში კი მე-3 ადგილი დაიკავა.

გუშინდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად უეფა-მ ნეიმარი დაასახელა, ბრაზილიელმა კი ამ წოდებისთვის განკუთვნილი სპეციალური ჯილდო ერიკ ჩუპო-მოტინგს გადასცა. ჩუპო-მოტინგმა ჩემპიონთა ლიგაზე თავისთვის მეორე გოლი გაიტანა - პირველად თავი 2014-15 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე გამოიჩინა.

„პარი სენ ჟერმენი“ 1/2 ფინალში მეტოქედ „ლაიფციგს“ ან „ატლეტიკოს“ ელოდება. გუნდები ერთმანეთში უკეთესს დღეს, ლისაბონში, ჟოზე ალვალადეზე გამოავლენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები