Aa
Aa

მოგებების რეკორდი და გვიანი გოლით დამარცხებული ვულვზი - სევილია 1/2 ფინალშია!

ესპანური „სევილია“ ევროპა ლიგის 1/2 ფინალში ისტორიაში მეექვსედ გავიდა. ანდალუსიელებმა ინგლისურ „ვულვზს“ ლუკას ოკამპოსის ერთადერთი გოლით აჯობეს.

შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დადგა მე-13 წუთზე, როცა „ვულვზის“ ლიდერმა, რაულ ხიმენესმა პენალტი ვერ გამოიყენა. ბონო „სევილიას“ პირველი მეკარეა, რომელმაც 2006-07 წლების სეზონის შემდეგ ევროტურნირებზე თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

გამარჯვების გოლი კი 88-ე წუთზე გავიდა - ევერ ბანეგამ ფლანგიდან ჩააწოდა, რასაც ოკამპოსის ზუსტი თავური დარტყმა მოჰყვა. არგენტინელმა მიმდინარე ევროპა ლიგაზე პირველი გოლი შეაგდო, მთლიანად სეზონში კი თავი მე-17-ედ გამოიჩინა.

ხულენ ლოპეტეგის ბიჭები თავიანთი ისტორიის სარეკორდო დაუმარცხებელ სვლასაც აგრძელებენ და უკვე ზედიზედ მე-19 წაუგებელი თამაში ჩაატარეს. ასევე, ევროპა ლიგაზე მე-40 შეხვედრა მოიგეს, რაც ტურნირის ახალი რეკორდია.

გათამაშების 4-გზის ჩემპიონი სევილიელები ევროპა ლიგის 1/2 ფინალში 2016 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ. მათი შემდეგი მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედია“, შეხვედრა 16 აგვისტოს კიოლნში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები