საბურთალოს დრამატული გამარჯვება გულიაშვილის შესანიშნავი გოლით
Aa
Aa

საბურთალოს დრამატული გამარჯვება გულიაშვილის შესანიშნავი გოლით

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში სამტრედიაში, ''ეროსი მანჯგალაძეზე'' ''სამტრედიასა'' და ''საბურთალოს'' შორის კარგი თამაში გამოვიდა, რაც განსაკუთრებით მეორე ტაიმზე ითქმის, როცა შეხვედრა ორმხირვი იერიშებით მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი გიორგი ახალაძის გოლით მასპინძლებმა მოიგეს და მეორე ტაიმში კაჭარავას გუნდი მეტოქესთან შედარებით უფრო მწვავედ უტევდა, საბოლოოდ გამარჯვება თბილისურმა კლუბმა მოიპოვა (1:2).

21-ე წუთზე ამპლუით მცველმა გიორგი ახალაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან მარცხენა ფეხით კუპატაძის კარის დაბალ კუთხეში დაარტყა და ანგარიში გახსნა. ახალაძის წინააღმდეგ დაჩი ცნობილაძე თამაშობდა, თუმცა ''საბურთალოს'' საყრდენის მცდელობა უშედეგო გამოდგა.

65-ე წუთზე ბელიაევი-მალი-ტაბატაძე-ტერას კომბინაცია ბექა ქავთარაძის გოლით დასრულდა. ტერა დარტყმის მომენტში მეკარის საჯარიმოში იმყოფებოდა, თუმცა ცენტრალური მცველი ლაშა თოთაძე და მეკარე გოგი კულუა ძალიან ინერტულნი იყვნენ და მათმა სუსტმა თამაშმა ''საბურთალოს'' ანგარიშის გათანარების შანსი მისცა.

78-ე წუთზე ''სამტრედიამ'' სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, ''საბურთალოს'' მცველმა იური ტაბატაძემ საკუთარ საჯარიმოში ლუკა იმნაძის წინააღმდეგ ვარდნა შეასრულა. საკმაოდ საეჭვო ეპიზოდი იყო. შესაძლოა, მთავარ მსაჯს პენალტის დარტყმის საფუძველიც ჰქონდა, თუმცა განმეორებითმა ჩვენებამ ზუსტი სურათი ვერ დაგვანახა.

89-ე წუთზე ელვინ ტერას გადაცემის შემდეგ თამაშგარის ზღვარზე მყოფმა18 წლის გიორგი გულიაშვილმა შესანიშნავი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში გულიაშვილმა მეორე გოლი ჩაიწერა აქტივში. მან ქუთაისის ''ტორპედოსთან'' შეხვედრაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი შეაგდო.

9 ტურის შემდეგ თბილისის ''დინამო'' 18 ქულით პირველ ადგილზეა. მეორე ადგილს ბათუმის ''დინამო'' 17 ქულით იკავებს. გორის ''დილასა'' და ''საბურთალოს'' ანგარიშზე 16-16 ქულაა. ასეთია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ოთხეული.

მასალაში გამოყენებულია საბურთალოს პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები