Aa
Aa

რეალს ოდეგორის ვადაზე ადრე დაბრუნება სურს

მადრიდული AS-ი წერს, რომ ზინედინ ზიდანმა მარტინ ოდეგორის „რეალში“ დაბრუნების მოთხოვნა გააჟღერა და შესაბამისი პირები საკითხზე მუშაობასაც შეუდგნენ.

ნორვეგიელი შემტევი „სოსიედადში“ ორწლიანი იჯარითაა და, წესით, „სამეფო კლუბს“ ახლა მისი დაბრუნების უფლება არ აქვს, მაგრამ ზიდანის მოთხოვნით, დედაქალაქელები ბასკურ მხარესთან ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.

AS-ი ასევე გვამცნობს, რომ ოდეგორის გადაყვანა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ისკოსა და ხამესის „ბლანკოსიდან“ შესაძლო აბარგების შესახებ დაიწერა. როგორც ცნობილი ხდება, ამ დუეტიდან ზიდანის სამომავლო გეგმებში არც ერთი შედის.

მადრიდელებსა და ოდეგორის წარმომადგენლებს შორის საუბარი უკვე შედგა. 21 წლის სკანდინავიელს სათამაშო პრაქტიკა სურს და „თეთრებს“ ამის შესახებ მოახსენა კიდეც.

თავის მხრივ, იწერება ისიც, რომ ფლორენტინო პერესი „სოსიედადის“ ერთ-ერთ მაღალჩინოსან იოკინ აპერიბაისაც დაუკავშირდა და ოდეგორის „რეალში“ დაბრუნების სურვილი დაუდასტურა.

ასე რომ, ამ გარიგებაზე უახლოეს პერიოდში აქტიური მუშაობა დაიწყება და, წესით, მადრიდელებს ნორვეგიელის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ნაადრევად დაბრუნება არ უნდა გაუჭირდეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები