ჩვენი გუნდები ევროტურნირებზე - მწვრთნელების მოლოდინი და შეფასებები
Aa
Aa

ჩვენი გუნდები ევროტურნირებზე - მწვრთნელების მოლოდინი და შეფასებები

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ქართული გუნდი იასპარეზებს. გთავაზობთ ჩვენი კლუბების მწვრთნელების შეფასებებს გამართულ წილისყრებთან და მეტოქეებთან დაკავშირებით.

ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "დინამო" 19 აგვისტოს შინ "ტირანას" უმასპინძლებს, კახა ჩხეტიანის მოსაზრება ასეთია: გავეცნობით მათ თამაშის სტილს.,თუ რა პლიუსები აქვთ, რა მინუსები აქვთ, რათა ჩვენმა ფეხბურთელებმა ეს ყველაფერი ნახონ და უფრო კარგად შევისწავლოთ მეტოქე. 19-ში გვაქვს თამაში და მზად ვართ ბრძოლისთვის. "ტირანას" ტრადიციები ნამდვილად არ აკლია, ალბანეთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. გარდა ამისა, გამორჩეულები არიან იმითაც, რომ 7 ლეგიონერი ჰყავთ, მათ შორის ინგლისელი, ბრაზილიელი და არგენტინელი", - აღნიშნა "დინამო თბილისის" დამრიგებელმა.

რაც შეეხება ევროპა ლიგას, ბათუმის "დინამოს" სერიოზული გამოცდა ელის და ისრაელის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ "ჰაპოელ ბეერ შევას" სტუმრად დაუპირისპირდება.

გია გეგუჩაძე: "ბედმა საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვარგუნა, მაგრამ, ვფიქრობ, შანსები მაინც თანაბარია. გვაქვს დრო, რომ მათი თამაშები ვნახოთ და შეხვედრისთვის სრულყოფილად მოვემზადოთ".

თბილისის „ლოკომოტივის“ მეტოქე რუმინული "უნივერსიტატეა კრაიოვა" იქნება. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი შეხვედრას თბილისში გამართავს.

ჩვენ არ გვქონია რომელიმე კონკრეტული გუნდის მოლოდინი და ყველა პოტენციურ მეტოქეს ერთნაირად ვუდგებოდით. შეგვხვდა ის, ვინც შეგვხვდა. ჩვენი მეტოქის სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ რუმინეთის ჩემპიონატში ეს გუნდი მეორე ადგილზეა. მათ რიგებში თამაშობენ რუმინეთისა და ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელები. ჰყავთ საკმაოდ კარგი მეკარე, რომელიც იტალიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა. ამ მოცემულობაში, სახლში თამაში მე უპირატესობა არ მგონია, რადგან მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. თან, ჩვენს საშინაო არენაზე არ ვთამაშობთ და ჩვენთვისაც ისეთივე მატჩი იქნება ნეიტრალურ მოედანზე, როგორც ჩვენი მეტოქისთვის“ - აცხადებს ჭიაბრიშვილი.

რაც შეეხება საქართველოს თასის მფლობელ "საბურთალოს", მისი მოწინააღმდეგე კვიპროსული "აპოლონია". თემურ შალამბერიძეს გუნდი ლიმასოლში ითამაშებს.

"კვიპროსის "აპოლონი" ტრადიციული და გამოცდილი კლუბია, რომელიც სისტემატურად თამაშობს ევროტურნირებზე. ამ დროისთვის რა ინფორმაციაც მოვიძიე, არის ის, რომ მეტოქე კლუბში 16 ლეგიონერი ირიცხება. სეზონი კვიპროსში 22 აგვისტოს იწყება, თუმცა მოწინააღმდეგე სისტემატურად თამაშობს ამხანაგურ მატჩებს. თვალი რომ გადავავლოთ შეხვედრებს, ვნახავთ, რომ 6 მატჩიდან პირველი თამაში წააგეს, შემდეგ კი ყველა გამარჯვებით დაასრულეს. რა თქმა უნდა, რთულ მეტოქესთან გვაქვს საქმე, ამავადროულად, სტუმრად გვიწევს თამაში, მაგრამ ჩემი ფეხბურთელების მეიმედება. ბოლომდე ვიბრძოლებთ, დანარჩენს კი თამაში გვანახებს. გადაულახავი ბარიერი არ არსებობს და ერთ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვინც უკეთ მოემზადება, ის გაიმარჯვებს. მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ", - ასეთია შალამბერიძის შეფასება.

შეგახსენებთ,რომ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ერთმატჩიანია და ყველა შეხვედრა 27 აგვისტოს ჩატარდება. თამაშის ფრედ დასრულების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი დრო და თუ გამარჯვებული არ გამოვლინდა, მეორე ეტაპზე გამსვლელს უკვე პენალტების სერია გაარკვევს.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ალბანური ბარიერის გავლის შემთხვევაში, თბილისის "დინამო" მეორე ეტაპზე სერბულ "ცრვენა ზვეზდასა" და გიბრალტარულ "ევროპას" შორის გამარჯვებულთან ითამაშებს და მოედნის უპირატესობაც ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები