''მახსოვს თბილისში თამაში და გამარჯვება ტირანაში'' - ექს-მეკარე საინტერესო კარიერით
Aa
Aa

''მახსოვს თბილისში თამაში და გამარჯვება ტირანაში'' - ექს-მეკარე საინტერესო კარიერით

ალბანური ''ტირანას'' პრეზიდენტმა რაფიკ ჰალილიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შეაფასა. ალბანეთის ჩემპიონის მეტოქე თბილისის ''დინამოა''. დაპირისპირება ერთმატჩიანია და ''დინამო არენაზე'' 18 ან 19 აგვისტოს უმაყურებლოდ გაიმართება. 

ალბანური კლუბის მმართველის კომენტარი ''ტირანას'' ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

''წილისყრით კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს შემდეგ ეტაპზე გავალთ. მიმდინარე კვირაში გავძლიერდებით, სამი ფეხბურთელი დაგვემატება. მატჩამდე ჩემი კლუბის ფეხბურთელებს ჯანმრთელობას ვუსურვებ. იმედი მაქვს თბილისში სრული კონცენტრაციით ითამაშებენ და წარმატებას მიაღწევენ.''

''ტირანას'' ნიგერიელმა მთავარმა მწვრთნელმა ნდუბუისი ეგბომ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ''დინამოსთან'' გამართული მატჩი გაიხსენა, როცა ალბანურმა გუნდმა თბილისში მარცხის შემდეგ ტირანაში პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ''ტირანას'' 2003-04 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა. ივო შუშაკის გუნდმა საკუთარ კედლებში 3:0 გაიმარჯვა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა. პენალტების სერიაში ალბანურმა კლუბმა 4:2 გაიმარჯვა და საქართველოს ჩემპიონი გათამაშებას პირველივე ეტაპზე დაემშვიდობა.

ნიგერიის ეროვნული გუნდის ექს-მოთამაშე 2001-04 წლებში ''ტირანას'' კარს იცავდა. ამავდროულად ნიგერიის ეროვნულ გუნდში ირიცხებოდა, თუმცა ნომერ პირველი მეკარე არ ყოფილა. ზემოთმოცემული ფოტო სანაკრებო კარიერიდანაა: ნვანკვო კანუ და ნდუბუისი ეგბო.

''ყველა ქვეყნის ჩემპიონი ძლიერი გუნდია. ''დინამოსთან'' სტუმრად ვითამაშებთ, რაც ჩვენს ამოცანას ართულებს.

თბილისის ''დინამოს'' წინააღმდეგ დიდი ხნის წინ ვითამაშე. თბილისში დავმარცხით და ტირანაში გავიმარჯვეთ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ჩვენი მეტოქე გუნდი პატივისცემას იმსახურებს.

მათი უპირატესობა იმ კუთხითაც გამოიხატება, რომ საქართველოში ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩვენი მეტოქე საქართველოს ჩემპიონატის ლიდერია, რაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის დამატებითი ფსიქოლოგიური უპირატესობაა.

იმედი მაქვს ფეხბურთელებით გავძლიერდებით, რომლებიც ევროტურნირზე წარმატებაში დაგვეხმარებიან.''

საინტერესოა, რომ გასულ თვეში ESPN-მა ნდუბუისი ეგბოსთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა შემდეგი სათაურით: ''ნიგერილი მწვრთნელი, ვინც ევროპაში ისტორია დაწერა''.

მან ''ტირანასთან'' ერთად ალბანეთის ჩემპიონობა ფეხბურთელობისას 2002-03 და 2003-04 წლებში იზეიმა. 2019 წელს გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და სეზონი ტრიუმფით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ეგბო 2014-19 წლებში ''ტირანას'' მეკარეების მწვრთნელი იყო.

2000 და 2002 წლებში გამართულ აფრიკის ეროვნებათა თასზე ეგბო ნიგერიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ირიცხებოდა. ამ პერიოდში ნიგერიის ეროვნულ გუნდში ძალიან ცნობილი ფეხბურთელები თამაშობდნენ: ჯეი-ჯეი ოკოჩა, ტიჯანი ბაბანგიდა, ფინიდი ჯორჯი, კანუ, სელესტინ ბაბაიარო, სანდი ოლისე, ტარიბო ვესტი და სხვები.

2000 წელს ეგბო ნიგერიის ნაკრებთან ერთად აფრიკის ეროვნებათა თასის ვერცხლის პრიზიორი გახდა, ნიგერიელები ფინალში კამერუნთან დამარცხდნენ. 2002 წელს ნიგერია მესამე ადგილზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები